შარლოტა გინზბურგი - "გულჩათხრობილი ბავშვი"
12:57:04     15-10-2014
დაბადების თარიღი: 1971წლის 21 ივლისს
დაბადების ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
პროფესია: მსახიობი
ოჯახური მდგომარეობა: ამჟამად ცნობილი ფრანგი მსახიობისა და რეჟისორის ივან ატალის ცოლია, ჰყავთ ორი შვილი: ვაჟიშვილი ბენი და ქალიშვილი ელისი.
დებიუტი: ფილმი "სიტყვები და მუსიკა".
კარიერა:
მუშაობდა ისეთ ადამიანებთან როგორიცაა, ლაურა დიუტიელი, ნიკოლა ლეიბოვისი,
ნოემი ლვოვსკი, აისა მაიგა, დანიელ ოტეი, მელანი სიტბონი, ნიკოლა შოიე,
ლორან შპილფოგელი, მიქაელ იუნი, მიუ-მიუ, მარი კრისტიან ადამი, ჟულიეტ
არნო, ბას დემი, სილვი ერბერი, ფრანსუა ბორისი, პიერ არდიტი, მეგალი
მედისონი და ბევრი სხვა.
ჯილდოები:
2009 - კანის ფესტივალის პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლარს ფონ ტრიერის ბოლო ნამუშავარში ”ანტიქრისტე”
2004 — პრიზი საუკეთესო მსახიობური ანსამბლისთვის — "21 გრემი" (Phoenix Film Critics Society Awards)
2000 — მეორე პლანის საუკეთესო მსახიობი-ქალი —"საშობაო ნამცხვარი" (სეზარი)
1986 — ყველაზე იმედისმომცემი მსახიობი-ქალი— "ურცხვი" (სეზარი).
***
ალბათ, იშვიათი
შემთხვევაა, როცა ბუნება არ ისვენებს გენიალური მშობლების შვილებზე. ორი
საინტერესო ადამიანის - მომღერლის, რეჟისორისა და მსახიობის სერჟ
გინზბურგისა და მსახიობისა და მომღერლის ჯეინ ბირკინის - ქალიშვილი.
გულჩათხრობილი ბავშვი იყო, 11 წლისამ თავად ითხოვა შვეიცარიაში დახურულ პანსიონში გაეტარებინა გარკვეული დრო. მოზარდობისას უკვე ჩაწერა თავისი პირველი ალბომი - "Charlotte for ever", რომლის მასალა მთლიანად მამამისმა დაწერა.
ყოველთვის ასეთი ვიყავი
როცა
მსახიობმა თავისი სოლო-ალბომის ჩაწერა გადაწყვიტა, თავიდან სურდა, ყველა
სიმღერა ფრანგულ ენაზე ყოფილიყო. მოგვიანებით ტექსტები ინგლისურით შეცვალა -
ისინი ჯარვის კოკერმა და ნილ ჰენონმა შეთხზეს. სხვაგვარად ყველა სტრიქონი
სერჟ გინზბურგის კომპოზიციას ჰგავდა. 2006 წელს გამოსული ფირფიტის «5:55»
ნაწილი ფრანგულმა ელექტრონულმა დუეტმა - Air - ჩაწერა. ხმა, რომელსაც თავად
შარლოტა ერთ დროს საშინლად თვლიდა, კრიტიკოსებმა ”მხატვრულ ჩურჩულად
შეაფასეს”. თაყვანისმცემლები მოხიბლა ნაზი ნახევრად-სიმღერა,
ნახევრად-რეჩიტატივი.
მსახიობი და მომღერალი მშობლების კვალს გაჰყვა და შთამბეჭდავ შედეგებსაც მიაღწია. მაგრამ შვილებისთვის იმავეს არ ისურვებდა:
“როცა ვინმე ძალიან გიყვარს, არ გინდა, იტანჯებოდეს. არა, კინო საშიში არაა. მაგრამ, ფილმებში თამაშისას ყოველთვის სხვა ადამიანებზე ხარ დამოკიდებული და ეს, ადრე თუ გვიან, შენზეც აისახება - საკუთარ თავში ეჭვი გეპარება. თან ეს საჯაროობა, ყველას თვალწინ ცხოვრება… მახსოვს, როგორ შენიშნა ჩემმა შვილმა პირველად, ხალხის მზერა ქუჩაში. უკვირდა, რატომ გვაკვირდებოდნენ მაინცდამაინც ჩვენ. მე არჩევანი არ მქონდა. ცნობილი კი არ გავხდი, ასეთი ვიყავი ყოველთვის. მაგრამ დაბნეულობისა და უხერხულობის გრძნობისგან ეს სულაც არ მათავისუფლებდა. ჩემი შვილებისთვის იგივე არ მინდა”.
დიდება დაბადებიდან
“თავიდან
ეს ჩემთვის არ იყო სამუშაო, თავგადასავალს უფრო ჰგავდა, საინტერესო
გამოცდილებას, შესანიშნავი არდადეგები - კომპანიასთან და უმშობლებოდ.
მხიარულება იყო. მერე უფრო და უფრო მიმიზიდა გადაღებებმა და ჩამითრია”.
დღეს შარლოტა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ფრანგი მსახიობია. მისი როლი ”ანტიქრისტეში” პრემიერამდე გაცილებით ადრე იყო განსჯის საგანი.
პირად ცხოვრებაზე მსახიობი იშვიათად ლაპარაკობს. სამსახურზე ხალისით საუბრობს და როგორც კი კითხვა მის ოჯახურ ცხოვრებას შეეხება, გულახდილობა წყდება.
“ინტერვიუებს 13-14 წლის ასაკიდან ვაძლევ. მაშინ ეს საშინელება იყო. მოზარდს საერთოდ უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა იმაზე, თუ როგორ კეთდება ფილმი. მაგრამ ყველაზე ძნელი და უსიამოვნო ის იყო, რომ ჟურნალისტები, პირველ რიგში, ჩემს მშობლებზე მეკითხებოდნენ - როგორ დაშორდნენ, როგორ ვიზრდებოდი. სიტყვებს ვეძებდი, რომ ჩვენი ამბების გაგების საშუალება არ მიმეცა. ივანი თვლის, რომ, თუ კინოში მუშაობ, ყველას ეკუთვნი, - მე ასე არ ვფიქრობ. მაგრამ მამაც ასე თვლიდა და ვერ ხვდებოდა, რატომ არ მომწონდა ჟურნალებში გამოქვეყნებული ჩემი ფოტოები და ინტერვიუები”.
მრავალი წლის მანძილზე შარლოტა დედაზე და მამაზეც არ ლაპარაკობდა, რომელიც 1991 წელს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“ახლა ვხვდები, რომ ადამიანების უმრავლესობა, რომლებსაც მამაჩემის ცხოვრება აინტერესებთ, უბრალოდ უყვართ ის, მისი უკეთ გაცნობა სურთ. მაგრამ მინდა სხვებმაც გაიგონ, რომ ჩემთვის ძალიან მტკივნეულია მასზე ლაპარაკი. ძალიან მიყვარდა მასთან მუშაობა და მისი გარდაცვალებიოს შემდეგ მეჩვენებოდა, რომ კიდევ რამის გაკეთებას აზრი აღარ ჰქონდა. სწორედ ის მაკავშირებდა მუსიკასთან. მის გარეშე ჩემს თავში ისე დარწმუნებული აღარ ვარ”.
ერთ დროს შოპენით იყო გატაცებული, შემდეგ, ოჯახური ტრადიციისამებრ, ფერწერით, ბოლოს კინოში მოხვდა. 12 წლისამ კატრინ დენევის ქალიშვილი ითამაშა ფილმში "Paroles et musique" ("სიტყვები და მუსიკა"), შემდეგ, 1985 წელს, ფილმმა კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურება მიიღო, უამრავი ჯილდო, კომერციული მოგება, თავად შარლოტას კი სეზარი ერგო.
ამაზე არ გაჩერებულა, არც მამა მოასვენებდა, კაცმა რომ თქვას, ტავის ფილმში გადაიღო - "Charlotte for ever". თვითონ რეჟისორი იყო, სცენარის ავტორი, კომპოზიტორი და, რა თქმა უნდა, მსახიობიც. სხვა ვინ ითამაშებდა შვილში შეყვარებული სერჟის გარდა ასე კარგად გმირის მამის როლს ამ, ცოტა არ იყოს, მძიმე დრამაში. ფილმში გამოყენებულია გინზბურგის სიმღერაც "Lemon Incest" ("ლიმნის ინცესტი"), რომელსაც ის შვილთან ერთად ასრულებს.
შემდეგ შარლოტა გადაიღეს დედასთან ერთად ანიეს ვარდას ორ სურათში, ერთი - დოკუმენტური, მეორე მხატვრული. მოგვიანებით კლოდ მილერმა მიიწვია მთავარი როლისთვის ფილმში "La petite voleuse" ("პატარა ქურდი"), რომლის სცენარი ფრანსუა ტრიუფომ დაწერა.
მექსიკელმა რეჟისორმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ შარლოტა თავის ფილმზე ”21 გრამი” იმის მიიწვია, რომ მამამისის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო. თუმცა, გადაღებების შემდეგ, მისივე აღიარებით, შარლოტა შეუყვარდა.
შარლოტას მსახიობური სიმწიფე მთელი ძალით გამოვლინდა ბერტრან ბლიეს სურათში "გმადლობ,ცხოვრებავ", რომელშიც ანუკ გრინბერთან ერთად ითამაშა. თუმცა თავად შარლოტას ყოველთვის ძალინ ფაქიზი და მგრძნობიარე პერსონაჟების როლები მოსწონდა, შესანიშნავად ითამაშა ბრწყინვალე ქალბატონი ფილმში "Amoureuse" (“შეყვარებული”), რომელშიც მისი პარტნიორი ივან ატალი იყო, მოგვიანებით მისი ქმარი რომ გახდა.
არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა შარლოტასთვის პატრის ლეკონტთან "მეზობლობა" "ფელიქსსა და ლოლაში". მებრძოლი ნონკომფორმისტის ძლიერი ნატურის ჩვეული სახე, შექმნილია თანამედროვე ”საშობაო” დრამაში "საშობაო ნამცხვარი".
2001 წელს შარლოტა კანის ფესტივალის ჟიურის წევრი იყო.
eva.ge