ქმარმა ცოლი ცემა – 30 წლის ქალი საავადმყოფოში სისხლჩაქცევებით მოათავსეს

  12:06:02     15-10-2014


"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ცნობით, გურჯაანში ქმარმა ცოლი ცემა – 30 წლის ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მოათავსა. ქალს მარცხენა მხრის და ბეჭის არეში სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობები აღენიშნება, თავის არეში კი ძლიერ ტკივილებს უჩივის.

 „დღეს დაახლოებით 12:00 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა ახალგაზრდა ქალი. დაჟეჟილობები, სისხლჩაქცევები და თავის ძლიერი ტკივილი ჰქონდა. დედა, რძალი და ოჯახის სხვა წევრები ახლდნენ თან, დედის დაჟინებული მოთხოვნით ცოტა ხნის წინ გავწერეთ საავადმყოფოდან“, - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს საავადმყოფოს მიმღებში.

როგორც საინფორმაციო საშუალება იუწყება, პოლიციას მოძალადე, 32 წლის მამაკაცი ამ დრომდე არ დაუკავებია. არსებული ინფორმაციით, ის პოლიციის „ინფორმატორია“.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.