ქართული სამშვიდობო კონტიგენტი ცენტრალურ აფრიკას დეკემბერში დატოვებს
02:14:40     15-10-2014
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ეგიდით მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის ტერიტორიას დატოვებს. ქართველი სამხედროები სამშობლოში დეკემბრის ბოლოს დაბრუნდებიან.
სამშვიდობო ასეულის აფრიკიდან გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება გენერალურმა შტაბმა უკვე მიიღო. მიზეზად კი როტაციის ვადის ამოწურვას ასახელებენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, ბათუმის ცალკეული ქვეითი ბატალიონის ერთი ასეული, რომელიც მონაწილეობას იღებდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში, ქვეყანას 2014 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვებს. მისივე ინფორმაციით, შემდგომი როტაცია დაგეგმილი არ არის.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ქართველი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის დატოვების მიზეზი ებოლას ვირუსია, არ ადასტურებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ალასანიას თქმით, ცენტრალურ აფრიკაში ვირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა, საფრთხის გაჩენის შემთხვევაში, სამინისტროს ჯარისკაცების ევაკუაციის სპეციალური გეგმა აქვს შემუშავებული.