“ოქროს ჟოლოს” ერთერთი ფავორტი “სექსი დიდ ქალაქში” გახდა
11:20:55     28-02-2011
“ოსკარების” დაჯილდოების ცერემონიალამდე ერთი დღით ადრე, ჰოლივუდის ყველაზე არასასურველი პრემიის, “ოქროს ჟოლოს” “ამაყი” მფლობელები გამოვლინდნენ.
როგორც აღმოჩნდა, გასულ წელს, ქალის როლები ყველაზე უარესად პოპულარული სერიალის, “სექსი დიდ ქალაქში” “ოთხეულმა” – სარა ჯესიკა პარკერმა, კიმ კეტროლმა, სინტია ნიქსონმა და კრისტინ დევისმა შეასრულეს. მსახიობთა იგივე შემადგენლობამ “ჟოლოს” მეორე პრემიაც დაიმსახურა, ნომინაციაში “მსახიობთა ყველაზე უარესი შემადგენლობა.” თავად სერიალმა კი საკუთარ ნომინაციაშიც მოიპოვა “შთამბეჭდავი გამარჯვება.”
“ოქროს ჟოლოთი” პუბლიკის საყვარელი მსახიობი ეშტონ კატჩერიც “დასაჩუქრდა,” თანაც ორ ფილმში, “ქილერებში” და “წმინდა ვალენტინის დღეში” შესრულებული როლებისთვის. პრემიის ტრიუმფატორად კი რეჟისორ ნაით შიამალანის ფილმი “სტიქიის მბრძანებელი” გამოცხადდა, ხოლო ქალის მეორეხარისხოვანი როლის ყველაზე ცუდი შემსრულებელი, ჯესიკა ალბა აღმოჩნდა.
ვარსკვლავები დაჯილდოების ცერემონიალზე არ გამოჩენილან, რაც “ოქროს ჟოლოსათვის” ჩვეულებრივი მოვლენაა. “ოქროს ჟოლო” 1980 წელს დაარსდა, ამერიკელი ჯონ უილსონის მიერ. პრემიის ფონდის წევრი 650 ადამიანია, აშშ-ის 46 შტატიდან და ასევე სხვა 20 ქვეყნიდან. ჯილდო, რომელიც ხუთ დოლარზე ნაკლები ღირს, პლასტმასის ჟოლოა, რომელიც ოქროსფერი საღებავითაა დაფარული. ნომინანტები ღონისძიებას, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის იგნორირებას უკეთებენ.