დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულს ციხის საკვები არ მოსწონს - ახალი დეტალები

  14:13:20     10-10-2014

 35 წლის რეჟისორისა და დიჯეის დაჩი დარჩიას  მკვლელობიდან 40 დღის თავზე „პრესა.ჯი“-სთვის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

 წყაროს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიხეილ გრძელიშვილი გლდანის მერვე საპყრობილიდან ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

 ციხიდან მოპოვებული ინფორმაციით, გრძელიშვილი დაწესებულების ერთ-ერთი პრეტენზიული ბინადარია და შემოთავაზებულ საკვებზე, ხშირ შემთხვევაში, უარს ამბობს.

 მოწოდებული ინფორმაცია „პრესა.ჯი“-მ ეჭვმიტანილის ადვოკატთან, ხათუნა ხურცილავასთან გადაამოწმა.

 „პრესა.ჯი“: ადასტურებთ ინფორმაციას, რომ მიხეილ გრძელიშვილი გლდანის მერვე დაწესებულებიდან ფსიქიატრიულში გადაიყვანეს?

 ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად იყო გადაყვანილი ფსიქიატრიულ განყოფილებაში, თუმცა მისი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ ის ისევ საკანში დააბრუნეს. გრძელიშვილმა  უარი განაცხადა ფსიქიატრიულ შემოწმებაზე. თვლის რომ მას ეს არ სჭირდება.

 - ვისი შუამდგომლობით მოხდა პატიმრის გადაყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში?

 - ჩემი შუამდგომლობით, რომელიც დავაყენე პროკურაურაში. თავის მხრივ, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, სასამართლომ კი დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა, თუმცა ბრალდებულმა არ ისურვა ფსიაქიატრიულში ყოფნა, მისი თქმით, არ უნდოდა ამ დაწესებულებაში მინიმუმ 10 წლის გატარება.

 - რატომ შიმშილობს დაკავებული?

 - შიმშილობის ფაქტს არ ვადასტურებ. გრძელიშვილმა უარი თქვა, საკვებზე. არ მოეწონა საჭმელები.

 - საზარელი მკვლელობიდან თვეზე მეტი გავიდა, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის მოტივად რას ასახელებს?

 - მან ეს მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. ამბობს რომ მისთვის მიუღებელი წინადადება შესთავაზა გარდაცვლილმა. იცით  რომ საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა, გუშინ დადგა შუამდგმლობა რომ გამოძიება კიდევ ორი თვით გაგრძელდეს, რასაც ჩვენც დავთანხმდით.

გამომძიებელი სასამართლოს მიმართავს, გამოძიების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტს გაგრძელდება თუ არა გამოძიება.

 - პროცესი 23 ოქტომბერს არის ჩანიშნული, რა საკითხები იქნება განხილული სასამართლოში?

 - გამოძების ვადის გაგრძელებაზე იქნება საუბარი.  ვფიქრობ, რომ გამოძიების ვადა უნდა გაგრძელდეს, რადგან ჯერ არ დასრულებულა ექსპერტიზები, რომელიც გარდაცვლილს ჩაუტარდა. არ არის ცნობილი გრძელიშვილისთვისაც ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებიც“.

 რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს პოზიციას, ისინი გრძელიშვილის ფსიქტრიულში გადაყვანის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აცხადებენ, რომ დღეის მდგომარეობით პატიმარი გლდანის მერვე დაწესებულებაში, მერე კორპუსში იმყოფება.

 „ეს კითხვები, როდის გადაიყვანეს, რატომ გახდა ამის საჭიროება, ვინ დააყენა შუამდგომლობა... უნდა დაუსვათ პროკურატურას, შემიძლია გითხრათ, რომ მიხელ გრძელიშვილი, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი, გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება“,- უთხრეს „პრესა.ჯი“-ს სასჯელაღსრულების სამინისტროში.

 „პრესა.ჯი“ დაჩი დარჩიას მეგობარს, მუსიკოს  კახა ხოშტარიას ესაუბრა. მოკლულის მეგობრები და ოჯახის წევრები გამოძიების ობიექტურად ჩატარებას ითხოვენ.

 ხოშტარიას  ვარაუდობს, რომ გრძელიშვილის ფსიქიატრიულ სავადმყოფოში გადაყვანა შესაძლოა მოსალოდნელი სასჯელის შემსუბუქებას უკავშირდებოდეს.

 კახა ხოშტარია: „ნამდვილად ვერ გეტყვით, დანაშაულის ჩადენისას მას (გრძელიშვილს) ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა თუ არა. თუ ასე იყო და ეს ადამიანი ფსიქიკურად შეშლილია, რატომ არ აქცევდნენ ყურადღებას?

 როგორც ვიცით, ეჭვმიტანილი ნასამართლევია... ჩემი აზრით, ეს ადამიანი ფსიქიკურად შერყეული რომ ყოფილიყო, შესაბამის ზომებს მიიღებდნენ და ჩვენი მეგობარი დღეს ცოცხალი იქნებოდა... 

 - რას შეიძლება უკავშირდებოდეს, გრძელიშვილის ფსიქიატრიულში გადაყვანის მცდელობა?

 - თუ ფსიქიატრიულად შეშლილ მჯავრდებულებს აკლდებათ სასჯელი, ან სარგებლობენ გარკვეული უპირატესობით სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით, მაშინ ყველაფერი ნათელია - უნდათ დააკლონ წლები...

 ანუ ეს ადამიანი, რომელიც აღიარებს ჩადენილ მკვლელობას, არსებობს უამრავი მასალა, თვითმხილველი, ადვილად შეძლებს ციხის დატოვებას და გათვალისწინებული სასჯელის თავიდან არიდებას. გამოდის, რომ უსაფრთხოდ ვერავინ ვიქნებით, რადგან კაცმა არ იცის რომელს გამოგვასალმებს სიცოცხლეს.

 - გაქვთ თუ არა ობიექტური გამოძიების მოლოდინი?

 - ამ ყველაფერს ამ კუთხით თუ შევხედავთ ნაკლებად...

 - რას ითხოვთ და რა მოლოდინი გაქვთ?

 - მარტივია, ობიექტურ გამოძიებას ვითხოვთ. საკადრისად უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელმაც სიცოცხლეს გამოასალმა ნიჭიერი რეჟისორი და უმაგრესი კაცი.

 დაჩისნაირი ადამიანებს ქუჩაში არ უნდა კლავდნენ. ის შეიძლება ავტოკატასტროფაში, ავარიის შედეგად ან ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილიყო. დაჩი არ უნდა მოეკლათ, რადგან ამის მოტივი ბუნებაში არ უნდა არსებობდეს. პროკურატურამ პასუხი სწორედ ამას უნდა გასცეს,  რატომ მოკლა 20 წლის ბიჭმა დაჩი დარჩია“...

 რეჟისორი 30 აგვისტოს გვიან ღამით, „სქაი ბართან“ მოკლეს.  მას დანით ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

 დარჩიას მკვლელობის ბრალდება პროკურატურამ 20 წლის მიხეილ გრძელიშვილს წაუყენა, რომელიც დანაშაულის ადგილზე დააკავეს. სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად გადატეხილი დანა ამოიღეს. ამ დრომდე არაფერს ამბობენ შესაძლო თანამონაწილეებზე.

 აღსანიშნავია, რომ „პრესა.ჯი“ დარჩიას მკვლელობის დღიდან აქტიურად აშუქებს ამ ტრაგიკული საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

 მკვლელობის ღამეს „პრესა.ჯი“-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მკვლელობამდე, დარჩიას ეკა ბესელიას შვილთან, რატი მილორავასთან და მის მეგობრებთან მოუვიდა კონფლიქტი ბარში, რასაც დეპუტატი ბესელია სიცრუეს უწოდებს და აცხადებს რომ იმ დღეს, მისი შვილი მოძღვართან ერთად იყო აჭარაში. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არ გამოქვეყნებულა ამის დამადასტურებელი ფაქტები.

 ბესელიას მსგავსად, მენეჯერებმა, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელობის დღეს დეპუტატ ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა „Skyy ბარში“ იმყოფებოდა, სიცრუე უწოდეს.

 ჟურნალსიტური გამოძიების ჯგუფი „Sky ბარში“-ც იმყოფებოდა. ჩვენ ვითხოვდით ბარში დამონტაჟებული ვიდეო-კამერების უწყვეტი ჩანაწერების გადმოცემას. კერძოდ: დაჩი დარჩიას „Sky ბარში“ მისვლიდან, მისი გასვლის მომენტის ჩათვლით. აღნიშნული ფირის გადმოცემაზე ბარის ადმინისტრაციამ უარი თქვა. ადგილზე ჩვენების შემდეგ კი „პრესა.ჯი“-მ რამდენიმე უზუსტობა აღმოაჩინა. 

 ვიდეოჩანაწერში  ე.წ  „ტაიმ კოდი“ არეული იყო. რაც მოგვიანებით, მენეჯერებმა ტექნიკურ პრობლემას დაუკავშირეს.

 „პრესა.ჯი“-ს კითხვაზე, რატომ იყო „ტაიმ კოდზე“ მითითებულსა და მათ მიერ დაფიქსირებულ დროებს შორის ერთსაათიანი სხვაობა,  ბარის ადმინისტრაციაში თქვეს,  რომ "ეს ტექნიკური ხარვეზია და ამის შესახებ გამომძიებელიც საქმის კურსში ჩააყენეს".