ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებული პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს?
16:18:00     09-10-2014
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების ნარკოდანაშაულის წინაააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს აკრიტიკებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე უმცირესობის წევრმა ლევან ბეჯაშვილმა განაცხადა, რომ "ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებული პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს".
ბეჟაშვილის ინფორმაციით, სენაკში პირი, რომელიც ნარკოდანაშაულს აღიარებდა, საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს, ხოლო პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულებიც არიან.
"სენაკის რაიონულ სასამართლოში იხილებოდა საქმე, სადაც ყველა მტკიცებულება არსებობდა ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით, არსებობდა ამოღებული ნარკოტიკებიც და ბრალის აღიარებაც. ეს ადამიანი პირდაპირ სასამართლო პროცესიდან, პროკურატურის შუამდგომლობით საპროცესო გარიგებით გაუშვეს და 4 წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. ასევე, ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების სია. შეწყალება, ფიგურირებს რამდენიმე ადამიანზე, რომლებიც ნარკოტიკების რეალიზაციისთვის იყვნენ მსჯავრდებულები სასამართლოს მიერ", - განაცხადა დეპუტატმა.
ბეჟაშვილი ჰეროინის საქმეზე დაკავებული მძღოლის გათავისუფლების საკითხს შეეხო და თქვა, რომ პიარმიზნებისთვის უდანაშაულო ხალხს აპატიმრებენ ნარკოდანაშაულისთვის, ხოლო რეალურ დამნაშავეებს ათავისუფლებენ საპროცესო გარიგებით ან შეწყალებით.
"ეს არის დამოკიდებულება და მიდგომა, რომელიც მთავრობას და სამართალდამცველებს აქვთ ნარკოდანაშაულთან მიმართებაში. ერთი მხრივ, ხდება პიარმიზნებისთვის უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება, ხოლო მეორე მხრივ, ბრალდებული პირების გამოშვება საპროცესო ან შეწყალების სახით. სახეზე გვაქვს ნარკოდანაშაულებების მასობრივი ზრდა. ნარკოტიკების ბრუნვა ყოველდღიური ცხოვრების ყოფითი ნაწილი გახდა. იკლო ნარკოტიკების ფასმა და მოიმატა ნარკოტიკების მომხმარებელთა და რეალიზატორთა რაოდენობამ. პიარკამპანიის ნაწილი იყო ე.წ. თხევადი ჰეროინის საქმეზე მძღოლის დაკავება, რომელიც გუშინ გაათავისუფლეს. გვინდა შევეხოთ სახელმწიფოს დამოკიდებულებას ნარკოდანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით და წარმოვადგინო რამდენიმე მაგალითი, სადაც იკვეთება ხელისუფლების არათანმიმდევრული მიდგომები ისეთ დანაშაულებთან მიმართებაში, როგორიც არის ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, რომ ე.წ. თხევადი ჰეროინის საქმესთან დაკავშირებით გაათავისუფლეს უდანაშაული მძღოლი, რომელიც 4 თვის განმავლობაში მთავრობას თავისი პიარმიზნებისთვის ჰყავდა დაჭერილი. ჩვენ ამ ადამიანის გათავისუფლებას მიველსამებით. თუმცა, დღემდე არ გაეცა კითხვებზე პასუხი თუ რა დანაშაული იყო ეს – ნამდვილად ნარკოდანაშაული იყო თუ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო საღებავთან გვქონდა საქმე. ამაზე არც ექსპერტიზის დასკვნები არსებობს და საზოგადოების დიდი ნაწილი ამ დანაშაულთან მიმართებაში კითხვის ნიშნებს სვამს, რომელზეც პასუხი გაცემული არ არის", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
დეპუტატის ბრალდებას შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უპასუხეს.
ნინო გიორგობიანი: მესმის რომ ზოგიერთებს არ ესიამოვნათ ასეთი დონის საერთაშორისო ნარკოტრანზიტის საქმე რომ გახსნა სამინისტრომ, მაგრამ ასეთი ტყუილების ტირაჟირება ცოტა არ იყოს უხერხულია..რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას კიდევ ერთხელ შეგახსნებეთ რომ ამ საქმეში ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს და ბევრი სხვა მტკიცებულებებიც..