ნიკოლოზ მჟავანაძე: მარგველაშვილი მკვლელების შემწყალებელ პრეზიდენტად გადაიქცა
15:04:07     09-10-2014
უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებული პირების შეწყალების ფაქტებს აპროტესტებს. მჟავანაძე აცხადებს, რომ მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების გათავისუფლებამ შესაძლოა ისევ ისეთ ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, როგორც ოქროპირიძის შემთხვევაში მოხდა. ის მკვლელობისთვის იჯდა. შეწყალების შემდეგ ციხიდან გამოვიდა და კვლავ იგივე დანაშაული ჩაიდინა - 27 წლის ლაშა მახარაძე მოკლა.
„პრესა.ჯი“: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების შეწყალებას კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებით ხსნიან...
ნიკოლოზ მჟავანძე: შეწყალების კომისიის დებულების თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია პედოფილებიც შეიწყალოს, არათუ განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებული პირები, მაგრამ მარგველაშვილი მკვლელების შემწყალებელ პრეზიდენტად გადაიქცა. პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ შეიწყალა ოქროპირიძე, რომელიც სასჯელს მეგობრის, 19 წლის ლევან თალაკვაძის მკვლელობისთვის იხდიდა. რა შედეგით დასრულდა ეს შეწყალება ყველამ კარგად იცის. ციხიდან გამოსულმა „ოქრიკამ“ სიცოცხლეს გამოასალმა ახალგაზრდა ბიჭი - ლაშა მახარაძე.
დღეს კი პრეზიდენტი იწყალებს განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ კიდევ 2 პირს. სასჯელი გაუნახევრა, რამაც ხვალ და ზეგ შესაძლოა, ისევ ისეთ ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, როგორც ოქროპირიძის გათავისუფლებამ მიგვიყვანა. მერე პრეზიდენტისა და სხვათა სინანული ვერ დაამშვიდებს გარდაცვლილის ახლობლებს.
როცა მოსახლეობის ნაწილი საუბრობს გახშირებულ კრიმინალზე, შეიძლება ციხიდან მკვლელების გამოშვება? მაშინ როცა უამრავი ადამიანი წინა რეჟიმის მიერ არიან რეპრესირებულნი და შეწყალებას ითხოვენ... რამდენიმე ხნის წინ კი მედიამ მარგველაშვილი ცოლიძმის შეწყალებაში ამხილა.
„პრესა.ჯი“: მარგველაშვილის მიერ მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული ცოლიძმის შეწყალების შესახებ ექსკლუზურად სწორედ „პრესა.ჯი“ წერდა. რამდენიმე კვირის წინ კი მარგველაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში აღიარა, რომ მართლაც შეიწყალა მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი, რომელსაც ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის (პირობითი მსჯავრის ქვეშ) 2011 წელს 17 წელი მიუსაჯეს...
- მადლობა მინდა გითხრათ თქვენ ამისთვის, რადგან სწორედ თქვენი მასალებით გაიგო მოსახლეობამ სიმართლე. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შეწყალების კომისია არ ავრცელებს შეწყალებული პირების ვინაობას, რომ არა თქვენ, საზოგადოება ამ ფაქტის შესახებ ვერ გაიგებდა.
- გამოიყენა თუ არა, პრეზიდენტმა მარგველაშვიულმა ბოროტად, თანამდებობა იმისთვის რომ ციხე დაეტოვებინა მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ მისი ოჯახის ახლობელს?
- მარგველაშვილის შეწყალების კომისია გადაიქცა დამნაშავე ელემენტების შემაწყალებელ კანტორად, რომლებთაგანაც მოსახლება საფრთხეს უნდა ელოდეს. სამაგიეროდ, ის პატიმრები, რომლებმაც ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, ამოაოდ ელოდებიან შეწყალებას.
მაგალითისთვის გამოდგება სამი შვილის დედა, ანასტასია ზაუტაშვილი, რომელსაც შეტანილი აქვს შეწყალების თხოვნა, ამ ქალბატონს კომისიამ საქმის განხილვაზე უარი უთხრა. მეტიც, ზვიად ქორიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ თუ ქალბატონი კიდევ ერთხელ მიმართავდა მათ, მაინც არ შეიწყალებდა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის აღნიშნული ქმედებების გამო კომისიის დატოვებას გეგმავს რამდენიმე წევრი.
- ცოლიძმის მფარველობის გარდა, მარგველაშვილს მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურის მფარველობაშიც ადანაშაულებენ. რუსთაველზე მოკლული ზურა ტარყაშვილის მშობლები აცხადებენ, რომ მინდია გოგოჭრმა მათ შვილს ერთ-ერთმა პირველმა ესროლა, თუმცა მას იმიტომ არ იჭერენ რომ პრეზიდენტი მფარველობს...
- სიმართლე გითხრათ ეს საქმე დეტალურად არ ვიცი, თუმცა ამ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია".
იმის საილუსტრაციოდ თუ რატომ იხდიდა სასჯელს მაკა ჩიჩუას ნახევარძმა, მიხეილ მგალობლიშვილი და რამდენჯერ არის გასამართლებული გთავაზობთ ამონარიდებს სასამართლოს განაჩენებიდან:
მაშ ასე, მაკა ჩიჩუას ძმა პირველად გასამართლებულია 2008 წლის 25 მარტს, ნარკოტიკების მოხმარებისა (273-ე მუხლი) და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის (353-ე მუხლის პირველი ნაწილი). მიუსაჯეს 2 წლით პატიმრობა, 2 წლით პირობითი და 3 ათასი ლარი ჯარიმა.
პრეზიდენტ მარგველაშვილის ცოლიძმა, მეორედ 2010 წლის 27 თებერვალს გაასამართლეს, კვლავ ნარკოტიკების მოხმარებისათვის (273-ე მუხლით). მიუსაჯეს 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საპროცესო შეთანხმებით, 3 წლიანი პირობითითა და 2 ათას ლარიანი ჯარიმით შეეცვალა.
მესამედ მაკა ჩიჩუას ძმა 2011 წლის 4 მაისს, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გაასამართლეს. მიუსაჯეს 17 წლით პატიმრობა.
მოსამართლე ლელა შკუბულიანის მიერ გამოტანილ განაჩენში აღნიშნულია რომ მიხეილ მგალობლიშვილმა, მეგობართან ერთად, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ძირს დააგდო და მისი მოკვლა განიზრახა. კერძოდ, მან და მისმა მეგობარმა ის დანებით დაჩეხეს.
განაჩენის მიხედვით, პრეზიდენტის ცოლიძმამ და მისმა მეგობარმა, დაზარალებულს ჭრილობები მიაყენეს ორივე კიდურის, მუცლის, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში.
დაჭრილი შემთხვევითმა გამვლელმა, უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანა საავადმყოფოში. ეჭვმიტანილები მიიმალნენ. თუმცა, პოლიციამ მგალობლიშვილი იმავე დღეს, 2010 წლის 31 აგვისტოს დააკავა, მისი მეგობარი კი მეორე დღეს - 2010 წლის 1 სექტემბერს.
საქმეში მოყვანილია ათამდე მოწმის ჩვენება, რომლებმაც ამოიცნეს მაკა ჩიჩუას ძმა და მისი მეგობარი და სასამართლოს დაუდასტურეს რომ სწორედ მათ დაჩეხეს ახალგაზრდა მამაკაცი, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, 2010 წლის 31 აგვისტოს.
მოსამართლე ლელა შკუბულიანმა, 2011 წლის 4 მაისს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, პრეზიდენტ მარგველაშვილის ცოლიძმას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის მეგობარს კი - 14 წლით აღუკვეთა თავისუფლება.
მაკა ჩიჩუას ძმის შემთხვევაში მოსამართლემ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტორი, რომ ის ორჯერ იყო გასამართლებული და დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი სასჯელის ქვეშ იმყოფებოდა.
აი, სწორედ ასეთი ადამიანი შეიწყალა პრეზიდენტმა. მიხეილ მგალობლიშვილს, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებაში მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და 17 წლიან სასჯელს იხდიდა, მარგველაშვილმა, იმის გამო რომ ის საკუთარი ცოლიძმაა, 2 წელიწადში გამოუშვა ციხიდან - შეიწყალა.