პოლიციელს, რომელმაც 21 წლის ახალგაზრდა თავის არეში დაჭრა, უფლებამოსილება შეუჩერდა

  20:09:13     03-10-2014

სამართალდამცველმა, დევნის ოპერაციის დროს, დაუმორჩილებლობის მოტივით ქუთაისში 21 წლის მირზა გოჩუაძე თავის არეში დაჭრა. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. გოჩუაძე ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებიან დაჭრილის ახლობლები, რომელთა ნაწილი საავადმყოფოშია შეჭრილი.

დაჭრილის ახლობლების მტკიცებით, გოჩუაძე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით და მოძრაობა გააგრძელა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.„ახალგაზრდა თავისი მანქანით მოძრაობდა. პოლიციამ გაჩერება მოსთხოვა. 

გოჩუაძეს მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ამიტომ, ალბათ შეეშინდა და გაიქცა, რასაც პოლიციელების მხრიდან სროლა მოჰყვა,“ - ამბობენ ისინი.შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 333-ე მუხლის, მე-3-ე ნაწილი ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს. 

პოლიციის ცნობით: "დაჭრილი პიროვნება ეჭვმიტანილი იყო და დაუმორჩილებლობის შემდეგ განხორციელდა მისი დევნა, რა დროსაც მოხდა გასროლა. თუ პოლიციელის ბრალეულობა გამოიკვეთება ის კანონის შესაბამისად დაისჯება". მანამდე კი მას უფლებამოსილება შეუჩერდა.