ეროსი კიწმარიშვილი ძმა: მკვლელი უკან იჯდა და უკნიდან აკავებდა ჩემ ძმას…

  12:47:15     03-10-2014

პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის ძმის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ზურაბ კიწმარიშვილს, საქმის გაცნობის უფლება მისცა. როგორც ეროსი კიწმარიშვილის ძმამ „პრესა.ჯი“-ს უთხრა, ის, მასალების შესწავლას 11 ოქტომბრიდან დაიწყებს. ზურა კიწმარიშვილი პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ მისი ძმის საქმეზე ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს. 

„პრესა.ჯი“: პროკურატურამ ნება დაგრთოთ საქმის მასალებს გაეცნოთ, როდის აპირებთ ამ პროცედურის დაწყებას? 

ზურა კიწმარიშვილი: ზუსტი თარიღი გადაწყვეტილი არ გვაქვს. ვფიქრობ რომ წინასამუშაო შეხვედრა შაბათს გაიმართბა. მასალების გაცნობას ალბათ 11 ორტომბრისთვის შევუდგებით. 

- 26 სექტემბერს ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩატარდა. კერძოდ, იმის დასადგენად, თუ რა ვითარებაში მოხდა გასროლა...   

- ამ ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გარდაცვალების დღეს ეროსი  მჭიდროდ, თითქმის მიტმასნილი იყო სავარძელზე. შესაბამისად, ჩემი ვერსია, რომ მკვლელი უკან იჯდა, მყარდება. როგორც ჩანს, ის უკნიდან აკავებდა ჩემ ძმას... ეს არის ჩემი პირადი ეჭვი და ვნახოთ რა შედეგს დადებს ექსპერტიზა. 

- როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა გადაკვალიფიცირდეს თუ არა, თვითმკვლელობის მუხლი, რომლითაც მიმდინარეობს საქმის გამოძიება? 

- გადაკვალიფიცირება არის გამოძიების პრეროგატივა, მათ უნდა ჩათვალონ რომ აქვთ უტყუარი მტკიცებულეები რომ ეროსი მოკლეს და თავი არ მოუკლავს. 

- თქვენი ვერსიით, ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს. მკვლელობის სავარაუდო მოტივზე შეგიძლიათ ისაუბროთ? 

- არასდროს გამიკეთებია განცხადება შესაძლო მოტივზე, რადგან თვითონაც არ ვარ ჩამოყალიბებული. არ მაქვს ინფორმაცია, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი. მე მომხდარს ვარქმევ მკვლელობას, დარწმუნებული ვარ რომ თვითმკვლელობას ადგილი არ ჰქონია“. 

შეგახსენებთ რომ ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 15 ივლისს იპოვეს. მას თავის არეში მიყენებული ჰქონდა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით. 

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. თუმცა, ეროსის ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება და აცხადებს რომ ის მოკლეს. 

გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ამ დრომდე უცნობია ისიც, გადაკვალიფიცირდება თუ არა, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი, მკვლელობის მუხლით.