
USAID ხელს უწყობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოფლების ეკონომიკურ განვითარებას
16:36:15     26-09-2014
სანერგეს შექმნისვის USAID-იმ 57 000 ლარის ოდენობის გრანტი გასცა, რომელიც ბექა ლაჭყეპიანის მეურნეობამ მოიპოვა. 1,2 ჰექტარის ფართობზე სოფელ ტვიშში ვაზის სანერგე მეურნეობა გაშენდა, სადაც დამყნობის თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ვაზის უნიკალური ჯიშების - მეჯურეთული, უსახელაური, ცოლიკოური და ალექსანდროული , მავნებლებისადმი გამძლე საძირეების დამყნობა ხდება და 500 პროცენტით უფრო მაღალ ფასად იყიდება, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონების ჯიშები. აღსანიშნავია, რომ NEO-ს დახმარების მიღებამდე, საქართველოში არ იყო სანერგეები, სადაც ვაზის ამ უნიკალური ჯიშების ნერგები იწარმოებოდა.
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში USAID/NEO-ს საქმიანობის შედეგად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ფერმერებმა შეიძინეს ცოდნა და უნარ-ჩვევები ვაზის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ვაშლის მოყვანისა და თაფლის წარმოების თანამედროვე მეთოდების გამოყენებაში. NEO-ს ხელშეწყობით რეგიონში დამონტაჟდა სამი მეტეოროლოგიური სადგური, რაც მიზნად ისახავს ვაზის, ბოსტნეულისა და ხილის მოყვანით დაკავებული მეურნეების უზრუნველყოფას საირიგაციო, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მომსახურებით. NEO-ს ხელშეწყობით რეგიონში მოეწყო ღია გრუნტში ბოსტნეულის მოყვანის ოთხი სადემონსტრაციო ნაკვეთი, ვაშლის სადემონსტრაციო ორი ინტენსიური ბაღი, მეფუტკრეობის ექვსი სადემონსტრაციო ობიექტი და კენკროვნების ინტენსიური სანერგე. ამჟამად NEO-ს ძალისხმევა მიმართულია ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებში ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოების ჩამოყალიბებაზე.
რეგიონში NEO-ს საქმიანობის შედეგად 11-ზე მეტ ჰექტარ ფართობზე 57-მა ფერმერმა დანერგა საერთაშორისოდ აღიარებული ახალი ტექნოლოგია და მეურნეობის მართვის მეთოდები, შეიქმნა 154 ახალი სამუშაო ადგილი ცაგერის, ლენტეხისა და ონის მუნიციპალიტეტების მოსახლეობისათვის.