გიორგობიანი ნაც.მოძრაობას: ლოგუა საქართველოში არ იმყოფება, ლუტიძე ე.წ. კანონიერი ქურდი არ არის
14:43:17     26-09-2014
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოს ტერიტორიაზე უპრობლემოდ შემოდიან შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა.
ნინო გიორგობიანი: მორიგი ტყუილი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ე.წ. კანონიერი ქურდების ქვეყანაში თითქოსდა შემოსვლის შესახებ. ლექსო ლოგუა საქართველოში არ იმყოფება და ქვეყნის ტერიტორიაზე არც შემოსულა.
რაც შეეხება ავთანდილ ლუტიძეს, ის ე.წ. კანონიერი ქურდი არ არის, ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელიც შემოვიდა საქართველოში საკუთარი სახელითა და გვარით და ასევე დატოვა ქვეყნის ფარგლები.
ოპოზიციამ დღეს კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში შემოსვლა-გასვლის შესახებ ინფორმაციას გაავრცელა. „ნაცმოძრაობა“ ორ კრიმინალურ ავტორიტეტზე საუბრობს, რომლებიც ოპოზიციის თქმით, საქართველოში იმყოფებოდნენ.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი ლექსო ზურაბის-ძე ლოგუა (19.12.1979, მეტსახელად ლექსო გალელი) 2014 წლის 12 ივნისს დააკავეს ქ. მინსკში და გაუკეთეს დეპორტაცია საქართველოში.
დეპორტაციის შემდეგ ლექსო ლოგუა, რომელიც ქურდად ზემოაღნიშნულმა გელა ქარდავამ „აკურთხა“, აგვისტოში საქართველოს საპატიმროს ნაცვლად აღმოჩნდა თურქეთში გამართულ კრიმინალური ავტორიტეტების შეკრებაზე, სადაც სენაკში მშვიდად მაცხოვრებელი კანონიერი ქურდი ცანციკას სიძე მახარე გვარამია (მაცე) ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ლექსო გალელი 2012 წლის შემდეგ მეორედ შემოვიდა საქართველოში და მეორედ აღმოჩნდა საპატიმროს ნაცვლად თურქეთში (პირველად ეს 2013 წლის 13-14 აგვისტოს მოხდა).
როგორც არაერთხელ ავღნიშნეთ ასეთი მოვლენები შეუძლებელი იქნებოდა დღევანდელი მთავრობის ღია, თუ ფარული დახმარებისა და მფარველობის გარეშე, რასაც ადასტურებს შემდეგი შემთხვევა.
კრიმინალური ავტორიტეტი ავთანდილ ამირანის-ძე ლუტიძე (23.11.1979, მეტსახელად ლუტია ქუთაისელი) თურქეთიდან შემოვიდა საქართველოში სარფის მხრიდან 2014 წლის 5 სექტებრის 22 საათი 36 წუთზე და 2014 წლის 6 სექტემბერს 21 საათსა 29 წუთზე დატოვა ქვეყანა წითელი ხიდით და გადავიდა აზერბაიჯანში.
ავთანდილ ლუტიძე გახლავთ ლავას-ოღლის კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი გავლენიანი პირი. ჩვენი ინფორმაციით, მას სარფში დახვდა და წითელ ხიდამდე მიაცილა საქართველოს შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) ხელმძღვანელი მალხაზ ჩიკვილაძე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების ასეთი თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნაციონალური მოძრაობის ამ განცხადებას, შსს სიცრუეს უწოდებს.