ეროსი კიწმარიშვილის საქმე: ახალი დეტალები და გარემოებები

  12:10:45     09-09-2014

რატომ ატარებს მიმდინარე წლის 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რა შედეგს ელიან „რუსავი 2“-ის დამფუძვნებლის ნათესავები და რატომ დადგა თვალით უხილავი ნაწილაკების აღმოჩენისთვის ეროსი კიწმარიშვილის მანქანის განმეორებითი დათვალიერება საჭირო? ამ თემებზე „პრესა.ჯი“ ეროსი კიწმარიშვილის ძმას, ზურა კიწმარიშვილს ესაუბრა.

„პრესა.ჯი“: თვალით უხილავი ნაწილაკების აღმოჩენისთვის ეროსი კიწმარიშვილის მანქანის განმეორებითი დათვალიერება უნდა ჩატარებულიყო, რატომ დადგა ეს საკითხი და რა შედეგი დადო ექსპერტიზამ?

ზურაბ კიწმარიშვილი: ბოლო ორი ექსპერტიზა, რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული პროკურატურასთან და რომელიც ელოდებოდა სხვა ესპერტიზებს, უნდა ჩატარებულიყო ამ კვირაში. გუშინ ველოდებოდი შეყობინებას პროკურატურიდან. თუმცა, არ დაურეკავთ. დღის ბოლომდე დაველოდები, თუ დღესაც არ დარეკეს, შევეხმიანები.

- იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რას გულისხმობს თვალით უხილავი ნაწილაკების აღმოჩენა?

- იქ არის წაშლილი სისხლის, ბოჭკოების, თმის ღერის კვალი, ეს არის პატარა ნაწილაკები, რომლის არსებობა-შემოწმება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შეიძლება ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს სხვა პირს და მის მიერ მანქანაში ჩატარებულ მოქმედებებს. თუ აღმოჩნდა სხვა პირის მოქმედებები, მაშინ გამოძიება სხვა კუთხით წავა.

- რა მოქმედებები ჩატარდა ამ დრომდე სამართალდამცავთა მხრიდან?

- მაგალითად, შემთხვევევის ადგილზე ამუშავეს ძაღლი, სუნის ასაღებად. ბევრი ექსპერტიზა ჩატარდა მოკლედ, მაგრამ ბევრი გარემოებაა დასადგენი, ბევრი რამ შეიძლება პირს დარჩეს შემთხვევის ადგილზე. ამიტომ ხდება ყველაფრის გადამოწმება.

- რა შედეგით დასრულდა ძაღლის მიერ სუნის აღების პროცესი?

- პრაქტიკულად შედეგის გარეშე, რადგან ძაღლმა იმუშავა მას შემდეგ, რაც მანქანასთან შეხება ჰქონდა დაახლოებით შვიდ ადამინს. იმ ადგილას კიდევ დაახლოებით 50 ადამიანი იყო.

- თქვენ მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზების შემდეგ, გაქვთ თუ არა, რაიმე სახის ხელმოსაჭიდი, თქვენი ვარაუდის გასამყარებლად, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს და მას თავი არ მოუკლავს?

- ჯერ ამ კვლევებიდან ხელჩასაჭიდი არ მაქვს, რადგან ექსპერტიზის შედეგები არ ვიცი. რაც შეეხება ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევას, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის, რამდენიმე ყურადსაღები გარემოება გამოვავლინეთ, სწორედ ასეთი პატარ-პატარა, გაურკვეველი გარემოებების შედეგად წარმოიშვა ის ეჭვი, რომ ეროსის თავი არ მოუკლავს.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ, ნაჭერზე, რომელიც აღმოჩენილ იქნა შემთხვევის ადგილზე?

- ამ ნაჭერმა ყურადღება მიიქცია იმიტომ რომ მანქანასთან ძალიან ახლოს ეგდო. მასზე იყო ლაქები. საინტერესოა, რას შეიცავს ეს ნივთი, ამაზე გამოძიება გასცემს პასუხს“.

შეგახსენებთ რომ ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტომობილში იპოვეს გარდაცვლილი. მას თავის არეში მიყენებული ჰქონდა ჭრილობა, ცეცხლსასროლი იარაღით.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. თუმცა, ეროსის ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება და აცხადებს რომ ის მოკლეს.

გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ამ დრომდე უცნობია ისიც, გადაკვალიფიცირდება თუ არა, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი, მკვლელობის მუხლით.