ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მარგველაშვილის მიერ შეწყალებულია

  12:16:38     04-09-2014

ვაკეში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გიორგი ოქროპირიძე, მოკლულის ოჯახის ნათესავების განცხადებით, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა.

გიორგი ოქროპირიძე სასჯელს მეგობრის, ლევან თალაკვაძის მკვლელობისთვის იხდიდა. შემთხვევა 2009 წლის ივლისში მოხდა. 19 წლის ლევან თალაკვაძე ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული.

გუშინ, სოციალურ ქსელში ლევან მახარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის, გიორგი ოქროპირიძის დედის იმ დროინდელი ვიდეომასალა გავრცელდა. ცირა გოდერძიშვილი სასჯელაღსრულებას და ციხის ადმინისტრაციას მისი შვილის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას სთხოვდა.

ვიდეომასალა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ შემდეგი კომენტარით:

„იმ ბიჭის დედაა, გუშინდელ  მკველობაში ვინცაა ეჭვმიტანილი... და დედამისის კომენტარები ნახეთ რა, ვიდრე მის შვილს ამნისტიით თუ შეწყალებით გამოუშვებდნენ...

რამდენი ასეთი ტიპი იქნა ციხიდან გამოშვებული, წმინდანებად რომ გვიცხადებდნენ და სინამდვილეში მკვლელები და ყაჩაღები იყვნენ....აი, ბატონო......რას მოთქვამდა დედა მაშინ, მის ვითომ უდანაშაულო და ნაწამებ შვილზე...“, - წერს ინგა გრიგოლია ვიდეომასალაზე.

მოკლული ლაშა მახარაძის ოჯახის აცხადებს რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოქროპირიძე, რომელიც ამ მომენტისათვის დაკავებული არ არის, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა. მათი განცხადებით, რომ არა მარგველაშვილის „ეს უნამუსო გადაწყვეტილება“, ლაშა დღეს ცოცხალი იქნებოდა.

ლაშა მახარაძის ნათესავის მიმართვას ინტერნეტ გამოცემა „ქიზიყი“ ავრცელებს და მასთან ერთად ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც მინაწერი აქვს, რომ სურათზე სავარაუდოდ, გიორგი ოქროპირიძეა აღბეჭდილი.

"ვაკეში, გუშინ მოკლული ლაშა მახარაძის ნათესავი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და მკვლელობის ახალ დეტალებზე საურობს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ, თუმცა ამ ადამიანის თხოვნით, მის ვინაობას არ ვასახელებთ.

„გუშინ კიდევ ერთი ოჯახი ამოწყვიტა მკვლელმა, რომელიც სააღდგომოდ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეწყალების (და არა ყბადაღებული ამნისტიის) საფუძველზე გამოუშვეს ციხიდან, სადაც, თურმე, უახლოესი მეგობრის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

ახლა დავბრუნდი უბედური ოჯახიდან, რომელშიც ერთი სიფრიფანა ქალიღა დარჩა. შარშან ერთი ვაჟი, ერთადერთი შვილიშვილი და რძალი ავარიის შედეგად დაეღუპა, ახლა კი მეორე და უკანასკნელი შვილი მოუკლა არაკაცმა, რომელიც, ბედის ირონიით, დიდად იყო დავალებული ამ ოჯახის წინაშე…

პანაშვიდზე მყოფი ხალხი ერთხმად ამბობდა, რომ მკვლელის – გიორგი ოქროპირიძის (მეტსახელად „ოქრიკა“) დედა „ქართული ოცნების“ აქტივისტია და რომ კოალიცია მას ხელს დააფარებს და გააპარებს…

ისიც ითქვა, რომ მკვლელი შსს–სმაღალჩინოსნის მანქანით იყო მისული, თან რუსული ნომრით და არხეინად განაგრძო გზა…

ჰო, ისიც ითქვა, რომ მკვლელი მოსაკლავი ბიჭების გრძელი სიით გამოსულა ციხიდან და ამაზე ხმამაღლა ტრაბახობდა….

რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მეც, ვეცადეთ დაგვერწმუნებინა ისინი, რომ „ქართული ოცნება“მკვლელს ხელს არ დააფარებს და იგი, ამჯერად მაინც, საკადრისად დაისჯება…

იმედია, სასწრაფოდ მოახდენთ რეაგირებას ამ საზარელ ფაქტზე და მკვლელს დროზე დაიჭერთ…

თუ არა, მაშინ ახლავე გაფრთხილებთ, რომ კიდევ მინიმუმ ერთი მკვლელობა მოხდება და ამჯერად თავად ნაძირალა „ოქრიკას“ მოკლავენ, რის გამოც კიდევ ერთ (ან მეტ) ახალგაზრდას მოუწევს ციხეში ჩაჯდომა…

ბატონო ირაკლი, დაიცავით მეგობრის სიკვდილით და მთელი ოჯახის განადგურებით გამწარებული ჩვენი ბიჭები… ნუ დაუშვებთ შურისძიების განხორციელებას უდანაშაულო ბიჭების მხრიდან… ხალხს თქვენი იმედი აქვს!!! გთხოვთ!!!“, – წერს ოჯახის ნათესავი.

„პრესა.ჯი“ შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად ქორიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ღიად განუცხადა „აიტივის“ რომ პრეზიდენტმა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული 4 პირი შეიწყალა.

„პრესა.ჯი“: რატომ შეწყალა  პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გიორგი ოქროპირიძე, რომელსაც ვაკეში ორ სექტემბერს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებენ და რომელიც მეგობრის, ლევან თალაკვაძის მკვლელობისთის იხდიდა სასჯელს?

ზვიად ქორიძე: ამ მოქალაქეს ბრალი აქვს წაყენებული?

- შს სამისნიტრო ოფიციალურად, ამ ეტაპზე, ეჭვმიტანილის სახელსა და გვარს არ ამხელს...

- თუ შს სამინისტრო დაადასტურებს იმ სახელსა და გვარს, რომელიც ახლა თქვენ მიხსენეთ, რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთბთ განმარტებას. ამ ეტაპზე პერსონალურ ინფორმაციას ჩვენ ვერ მოგაწვდით“. 

P.S: ვიდრე მარგველაშვილი „ოქრიკას“ და განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებულ სხვა პირებს შეიწყალებდა, მანამდე მან ციხიდან გამოაშვებინა მეგობარი ქალბატონის, მაკა ჩიჩუას ნახევარძმა, მიხეილ მგალობლიშვილიც, რომელსაც 2011 წელს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 17 წელი მიუსაჯეს. ის სამჯერ ნასამართლევია.

„პრესა.ჯი“-მ გამოაქვეყნა კონკრეტული დოკუმენტები, მათ შორის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები. გაჩნდა ეჭვი რომ მარგველაშვილი თავის უფლებამოსილებას ოჯახური კლანის კეთილდღეობისათვის იყენებს (მაკა ჩიჩუას ძმის შეწყალება). 

მეტიც: მაკა ჩიჩუას სიძეს, მინდია გოგოჭურს, რუსთაველზე მოკლული ზურა ტარყაშვილის მშობლები მკვლელობაში ადანაშაულებენ და ამის დასადასტურებლად ვიდეო-კადრებსაც ავრცელებენ. თუმცა, რატომრაც, ხელისუფლება და მთავარი ოპოზიციური ძალა - ნაციონალური მოძრაობა, პრეზიდენტის ამ „საგმირო საქმეების“ შესახებ დუმან.

ვიმედოვნებთ რომ, ამჯერად მაინც, ადეკვატურად შეფასდება მარგველაშვილის მიერ ე.წ. „ოქრიკას“ შეწყალების ფაქტი (შეწყალების კომისიის თავმჯდომარე მაშინ ალექსანდრე ელისაშვილი იყო), რომელიც განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და რომელმაც, ოჯახის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, 27 წლის ლაშა მახარაძე მოკლა.