ერთ-ერთი ვერსიით, მუქ ჯიპს, რომლიდანაც მახარაძეს ესროლეს, რუსული ნომრები ჰქონდა

  10:32:34     03-09-2014

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ სცემს კითხვას პასუხს, დაკავებულია თუ არა, გუშინ, აბაშიძის ქუჩაზე ჩაცხრილული 27 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი.

"გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს",- ამბობენ უწყებაში და დამატებით ინფორმაციის შესახებ არ საუბრობენ. ახალგაზრდა მამაკაცი აბაშიძის ქუჩის N50-თან წუხელ ჩაცხრილეს.

მკვლელობის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მუქ ჯიპს, რომლიდანაც მახარაძეს ესროლეს, რუსული სახელმწიფო ნომრები ჰქონდა.

თვითმხილველთა თქმით, სროლის შემდეგ ჯიპი დიდი სიჩქარით გაიქცა. მძიმედ დაჭრილი მახარაძე ასფალტზე იწვა. გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების მანქანამ დაიგვიანა, რის შემდეგაც დაჭრილი მეგობრის მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. 

ლაშა მახარაძე საოპერაციოში გარდაიცვალა. ექიმთა განცხადებით, მას აორტა ჰქონდა დაზიანებული.