ადვოკატის თქმით, ამიტომ მოკლა გრძელიშვილმა დარჩია...
12:33:35     02-09-2014
დიჯეისა და რეჟისორის, დაჩი დარჩიას მკვლელობისთვის ბრალდებული პირი ამბობს, რომ შემზარავი მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. მისი ადვოკატი კი, მკვლელობის მოტივს „მიუღებელ წინადადებას“ უკავშირებს.
მიხეილ გრძელიშვილის ადვოკატი, ხათუნა ხურცილავა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ წუთებში ასაჩივრებს (ეჭვმიტანილს გუშინ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა). ბრალდებულს სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმება სურს, რომლითაც მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ხურცილავამ „პრესა.ჯი“-სთან მკვლელობის მოტივზე დეტალურად არ ისაუბრა. თუმცა, თქვა, რომ „გარდაცვლილმა დარჩიამ, მის კლიენტს, „მიუღებელი წინადადება“ შესთავაა“. აღსანიშნავია რომ ადვოკატმა, მისი გუშინდელი ფრაზა - „უკადრებელი აკადრა“, დღეს „მიუღებელი წინადადებით“ ჩაანაცვლა.
იმას, თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი, ვიმედოვნებთ რომ გამოძიება დაადგენს. ასევე ვიმედოვნებთ რომ გამოძიება გამოამჟღავნებს ყველა იმ პირსაც, რომელიც შესაძლოა, მკვლელობის თანამონაწილე იყოს.
„პრესა.ჯი“: ამბობთ, რომ დარჩიამ ეჭვმიტანილს „უკადრებელი აკადრა“, იქნებ გვითხრათ რას გულისხმობთ? რატომ მოკლა 20 წლის ბიჭმა რეჟისორი?
ხათუნა ხურცილავა: უკადრებელი არა, მისთვვის მიუღებელი წინადადება შესთავაზა...
- კონკრეტულად?
- გრძელიშვილის ამ ადამიანის მოკვლის წინასწარ განზრახვა არ ჰქონია. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც არ იცნობ, არ იცი ვინ არის, როგორ შეიძლება განზრახვით მოკლა?
- უკავშირდება თუ არა, მკვლელობა „სქაი ბარში“ დაწყებულ უთანხმოებას?
- გრძელიშვილი ბარში არ ყოფილა...
- რა უბანში ცხოვრობს ეჭვმიტანილი და რა უნდოდა მას გვიან ღამით ავლაბრის სკვერში?
- ავლაბარში დაბადებული და გაზრდილია.
- რას ამბობს გრძელიაშვილის მომხდარი მკვლელობის შესახებ?
- ამ წუთას მივდივარ მასთან შესახვედრად. მითხრა, როდესაც პირველად მომაწოდა სანთებელა და მერე სიტყვებიც მოჰყვა ამას, ვუთხარი რომ ვინმეში არ შეგეშალოო. გრძელიშვილი ამბობს რომ დარჩია ნასვამ მდგომარეობაში იყო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მონაყოლით, მან უხეშად უთხრა, წასულიყო დარჩია.
- გავრცელებული ინფორმაციით, გრძელიშვილი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში...
- მან ერთი ბოთლი ლუდი იყოდა მაღაზიაში. იჯდა ბაღში, ადგა იმიტომ რომ საპირფარეშოში უნდოდა შესვლა, ეკლესიის უკან, სადმე.
დარჩიასა და გრძელიშვილს შორის პირველი საუბრის შემდეგ გრძელიშვილმა გზა გააგრძელა. დარჩიამ მას მხარზე ხელი დაადო, რასაც ამას მოჰყვა რაღაც-რაღაცები, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ...
ამის შემდეგ, განვითარებული მოვლენები გრძელიშვილს საერთოდ არ ახსოვს. იმდენად გამწარებული იყო რომ ამხელა დანა ხელით გადატეხა".
დაჩი დარჩია მშობლიურ რაიონში გადაასვენეს. მისი ოჯახი და ახლობლები გლოვობენ. დარჩიას რამდნეიმე დღეში დაკრძალავენ და სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ გაკეთდება განცხადება გარდაცვლილის ახლობლების მხრიდან.
ჩვენი ინფორმაციით, ადვოკატის განცხადებას „მიუღებელი წინადადებისა“ თუ „უკადრებელის“ შესახებ ოჯახის წევრები ბინძულ ცილისწამებად მიიჩნევენ და აცხადებენ რომ „ეს სიბინძურე მკვლელობის თანამონაწილეების დაფარვის მიზნით შეთხზეს“. დაველოდოთ გამოძიებასა და ოჯახის განცხადებას.
რაც შეეხება „სქაი ბარს“, სადაც დარჩია უკრავდა და მის დირექტორ კვირტიას, რომელიც სამი დღეა ამტკიცებს, ბარში არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა და იქ არც ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა ყოფილაო, კითხვები და ეჭვები არათუ იკლებს, არამედ უფრო ღრმავდება...
კერძოდ: მიუხედავად იმისა რომ კვირტია რამდენიმე დღეა ვიდეო-კადრების გასაჯაროვებას გვპირდება, მას ამ მომენტამდე არ გამოუქვეყნებია მასალა...
კვირტიამ ვიდეო-კადრების მხოლოდ ის ფრაგმენტი გაავრცელა (რამდენიმე წუთიანი), სადაც ჩანს თუ როგორ ტოვებს ბარს დარჩია...
არადა, საზოგადოება "სქაი ბარის" დირექტორისგან ვრცელ, უწყვეტ ვიდეო-კადრებს ელოდება, დაჩი დარჩიას ბარში მისვლის მომენტიდან მის წასვლამდე. რატომ არ აქვეყნებს „სქაი ბარის“ დირექტორი ამ მასალას, ეს თავად განსაჯეთ.
P.S: შეგახსენებთ რომ დარჩია 30 აგვისტოს გვიან ღამით, „სქაი ბართან“ მოკლეს. მას დანა რამდენჯერმე დაარტყეს. პროკურატურამ მიხეილ გრძელიშვილს წაუყენა დარჩიას მკვლელობის ბრალდება. ჯერჯერობით არაფერს ამბობენ თანამონაწილეებზე.
თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია რომ მკვლელობამდე, დარჩიას ეკა ბესელიას შვილთან, რატი მილორავასთან და მის მეგობრებთან მოუვიდა კონფლიქტი ბარში, რასაც დეპუტატი ბესელია სიცრუეს უწოდებს და აცხადებს რომ იმ დღეს, მისი შვილი მოძღვართან ერთად იყო აჭარაში. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არ გამოქვეყნებულა ამის დამადასტურებელი ფაქტები.
მოკლული დაჩი დარჩიას ოჯახი განცხადების გაკეთებას აპირებს - მალავენ თუ არა, ვიდეო-კადრებს?