საზარელი მკვლელობა აშშ-ის ქალაქ სტემფორდში - ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა

  21:33:25     31-08-2014

აშშ-ის ქალაქ სტემფორდის საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს მოქალაქეს, 29 წლის შოთა მექოშვილს უმძიმესი ბრალდება წაუყენა. მექოშვილი განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაშია ბრალდებული. კონექტიკუტის შტატის კანონების მიხედვით, ჩადენილი დანაშაულისათვის, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

"სტემფორდის პოლიციის ინფორმაციით, მექოშვილმა 42 წლის ტაქსის მძღოლს, ძარცვის მიზნით, მანქანა ქალაქის გარეუბანში მდებარე სახლთან ახლოს გააჩერებინა და იარაღის მუქარით, ფულის წართმევა დაუპირა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, მოჰამედ ქემელი ადგილზევე გარდაიცვალა. მას მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული".

მკვლელობას დიდი რეზონანსი მოჰყვა ადგილობრივ და ცენტრალურ მედიაში. უკვე რამდენიმე დღეა ამერიკული ტელევიზიები ამ მკვლელობის შესახებ აცხადებენ. 

მათი ინფორმაციით, მექოშვილი კონექტიკუტის შტატის სასამართლოს წინაშე ერთ კვირაში წარდგება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, მას უვადოდ მოუწევს ციხეში ჩაჯდომა.