ადიგენში სამი მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს (დეტალები)
11:16:11     29-08-2014
მარიამობის დღესასწაულზე სოფელ ყარათუბანში მცხოვრები სამი ახალგაზრდა მამაკაცი სანადირ თოფით მოკლეს. დაჭრილია ერთი ახალგაზრდა.
როგორც "პრესა.ჯი"-მ გაარკვია, მკვლელობაში ბრალდებული 44 წლის დავით კუბლაშვილია. ადგილობრივების განცხადებით, სისხლიანი დაპირისპირება დაახლოებით 22:00 საათზე სოფელ ყარათუბნის გზაზე მოხდა.
ახალგაზრდები სოფელში მარიამობას აღნიშნავდნენ, საღამოს კი დაბა ადიგენში ლუდის დასალევად წავიდნენ რა დროსაც გარდაცვლილებს შელაპარაკება მოუვიდათ მკვლელობაში ბრალდებულის შვილთან.
თავის მხრივ დაკავებულის შვილმა დასახმარებლად მამას დაურეკა, ეჭვმიტანილმა კი მის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან ახალგაზრდები დახოცა.
კუბლაშვილი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ მისი ოჯახის წევრები სოფლიდან გაიყვანა.
ადგილობრივთა ინფორმაციით, ინცინდენტის დროს ეჭვმიტანილი ნასვამ მდგომარეობაში იყო.
რაც შეეხება ინცინდენტის შედეგად დაჭრილ ახალგაზრდას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ადიგენში მომხდარი მკვლელობის შესახებ შს სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:
"შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1970 წელს დაბადებული დავით კ. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ადიგენის რაიონში, სოფელ გორგულის ხიდთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მისივე მფლობელობაში არსებული სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ვაჟა ნ-ს, 1994 წელს დაბადებულ გიორგი ს-ს, 1989 წელს დაბადებულ ბორის ს-ს და დაჭრა 1992 წელს დაბადებული ბექა ს.
ვაჟა ნ, გიორგი ს. და ბორის ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ. ბექა ს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით)".