ეროსი კიწმარიშვილის საქმე - რა ხდება პროკურატურაში და რას აპირებს ოჯახი?
13:56:23     26-08-2014
შეემატება თუ არა „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის მოულოდნელი და ბურუსით მოცული გარდაცვალება იმ საქმეებს, რომლებზეც მუდმივი კითხვის ნიშნები და ვერსიები არსებობს, ეს პროკურატურის პასუხზეა დამოკიდებული. მომხდარიდან ორი თვის თავზე კი ამ საქმის გამოძიების მსვლელობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი არაფერია.
არაერთი ვარაუდის მიუხედავად, გარდაცვალების პირველადი ვერსია თვითმკვლელობის მუხლი (115) არ შეცვლილა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარის შეფასებისა და ვერსიებზე თავს იკავებს. თუმცა, მათ ვერსია განსხვავდება პროკურატურის ოფიციალური განცხადებისგან.
„პრესა.ჯი“ გარდაცვლილის ძმას ზურაბ კიწმარიშვილს ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: ოჯახმა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტეთ, ითქვა რომ გარდაცვალების ადგილზე ახალი დეტალებია აღმოჩენილი, შეგიძლიათ გვითხრათ რა შედეგით დასრულდა დამოუკიოდებელი ექსპერტიზა?
ზურაბ კიწმარიშვილი: გარდაცვალების ადგილის დათვალიერება გარკვეული ტექნიკური საშუალებების დახმარებით განხორციელდა და რამდენიმე საყურადღებო და საინტერესო დეტალი იქნა აღმოჩენილი, რომელსაც პროკურატურა შეისწავლის.
დამოუკიდებელი, საგამოძიებო მოქმედებები ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის. ჩვენ დავათვალიერეთ შემთხვევის ადგილი, შემოვიფარგლეთ სხეულის დათვალიერებით და გვინდა კიდევ, ავტომობილის დეტალურად დათვალიერება, როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა. პროკურატურა ჯერ რაღაცებს აკეთებს და მანქანის დათვალიერების შესაძლებლობა არ მოგვეცა. რაც შეეხება შედეგს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი დასკვნები, შეფასებები გაკეთდება პროკურატურის ოფიციალური განცხადების შემდეგ.
- რა ეტაპზე არიან საქმის გამომძიებლები, გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით?
- ბოლო პერიოდში არაფერი სიახლე არ გამოჩენილა. როგორც ვიცი, განხორციელდა საგამოძიებო სეგმენტში ცოტაოდენი ცვლილებები, საქმის ერთ-ერთ გამომძიებელს შვებულება აქვს აღებული, ამ პიროვნებასთან მქონდა ინტენსიური კონტაქტი.
ახლა სხვაზეა გადაბარებული საქმე, ხდება მასალების შესწავლა, ეროსის კომპიუტერის, ტელეფონის, პლანშეტის... ხდება დაკითხვების გაანალიზება. ინფორმახცია არის ძალიან ცოტა. შესაბამისად, მე მაქვს პაუზა. ამ ეტაპზე ველოდები პროკურატურას.
- რაიმე კითხვის ნიშანი ხომ არ არსებობს გამოძიების მიმდინარეობისასთან დაკაშირებით?
- მოლოდინის რეჟიმში ვარ, გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები... არ შეცვლლა პირველადი ვერსია, თვითმვლელობის. ჩვენ კი გვჯერა რომ ეროსი თავს არ მოიკლავდა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, გამოძიებას უნდა დაველოდოთ, რა შედეგს დადებენ ისინი, რომ შემდეგ ვისაუბროთ ჩვენ ვერსიებზე. ბოლომდე არ მჯერა რომ, ეს მუხლი დარჩება“.
„პრესა.ჯი“ პროკურატურაში შეეცადა გაერკვია, რა ეტაპზეა „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის გარდაცვალების საქმის გამოიება.
„ამ ეტაპზე შეგვიძლია გითხრათ შემდეგი: საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუ იქნება სიახლე აუცილებლად შეგატყობინებთ“,- განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.