12 წლის გოგონამ მისი გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია უარყო, რა მოხდა ქაიროს ქუჩაზე?

  12:29:29     26-08-2014

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ქაიროს ქუჩაზე მცირეწლოვანი ბავშვის გაუპატიურებაზე, დილით გაკეთებულ განცხადებას „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აზუსტებს.

შს სამინისტროს უახლესი ინფორმაციით, 12 წლის გოგონამ ფსიქოლოგთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ პოლიცია მოატყუა, როცა უთხრა, რომ შუახნის მამაკაცმა გააუპატიურა.

აღნიშნული განცხადების შემდეგ დაკავებული შუახნის მამაკაცი გათავისუფლდა.

„ფსიქოლოგთან გასაუბრებისას არასრულწლოვანმა უარყო გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია და თქვა რომ მოიტყუა. შესაბამისად დაკავებული გათავისუფლდა. რეალურად ჰქონდა თუ არა სექსუალურ ძალადობას ადგილი, ეს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაირკვევა“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

12 წლის გოგონას გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია დილით გავრცელდა. თავდაპირველად შს სამინისტრო მამაკაცის დაკავების ფაქტს ადასტურებდა.

უწყების თავდაპირველი განცხადების თანახმად, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.