მკვლელობა დედაენის ბაღში - სიმამრმა სიძე მოკლა

  12:08:13     05-08-2014

დედაენის ბაღში მდებარე კაფეში 1945 წელს დაბადებულმა მამაკაცმა სიძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შსს-ს ცნობით, უწყებამ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. 

"შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1945 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მარიო ჭ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დედაენის ბაღში მდებარე ერთ-ერთ კაფეში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს, 1963 წელს დაბადებულ მერაბ მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით)",- აღნიშნულია განცხადებაში.