ავღანეთში დაჭრილმა ქართველმა სამხედრომ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

  22:35:32     03-08-2014

კაპრალმა თემურ დადიანმა, რომელმაც ავღანეთში ნაღმზე აფეთქების დროს ორივე ქვედა კიდური დაკარგა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 
სარეკორდო ასპარეზობა აფეთქებიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ, 3 აგვისტოს გაიმართა. თემურ დადიანმა 38.25 წამში 37 აზიდვა შეასრულა, რითაც სამჯერ გადააჭარბა დაწესებულ მინიმუმს. ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იყო.
"მინდა ქართველ სამხედროს მსოფლიო რეკორდის დამყარება მივულოცო. კაპრალმა თემურ დადიანმა შეძლო ის, რაც აქამდე მსოფლიო მასშტაბით ვერავინ მოახერხა. ქართველმა სამხედრომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სულის სიძლიერე დაუმარცხებელია და ქართული შეიარაღბული ძალებისთვის შეუსრულებელი და დაუძლეველი მისია არ არსებობს. თემურ დადიანმა დღევანდელი რეკორდით მაგალითი და სტიმული მისცა იმ სამხედრო მოსამსახურეებს, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა სამშობლოს სიყვარულს შესწირეს. 

მეამაყება, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურე ამ წარმატებით არ კმაყოფილდება და სხვა რეკორდების დასამყარებლად ემზადება. მინდა მას წარმატებები და სულიერი სიმტკიცე ვუსურვო",- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.