პიტნა - სურნელოვანი და სასარგებლო

  05:49:23     28-07-2014

პიტნის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. მისი პოპულარობა, სამკურნალო თვისებების გარდა, შესანიშნავი სურნელის დამსახურებაც გახლდათ.

ძველ რომსა და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში ჰკიდებდნენ. მიაჩნდათ, რომ პიტნის სურნელი გონებრივ შესაძლებლობებს ზრდიდა, ამიტომ მეცნიერები პიტნის გვირგვინს ატარებდნენ.

პიტნის ძირითადი კომპონენტი ეთერზეთი მენთოლია, რომელსაც სასიამოვნო სუნი და გამაგრილებელი ეფექტი აქვს. მცენარის ფოთლებში მენთოლი 2,2-2,75%-ია, ყვავილებში – დაახლოებით 5%. პიტნის ფოთოლი აგრეთვე მდიდარია კაროტინით (40 მგ-მდე), ფლავონოიდებით, ბეტაინით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. სწორედ მენთოლის დამსახურებაა პიტნის ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმის მომხსნელი, ანტისეპტიკური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ნაღველმდენი ეფექტი.

სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება პიტნის ნაყენი (ჩაი), ნახარში და ზეთი არომათერაპიისთვის.

პიტნისგან მზადდება სხვადასხვა დაავადების სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალებები:
. ჩაყარეთ თერმოსში 2 ს.კ. პიტნა, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე, დააყენეთ რამდენიმე საათით. სვით ჭიქის მესამედი დღეში სამჯერ. შეგიძლიათ, დაამატოთ შაქარი ან თაფლი. ეს ნაყენი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ეფექტურად ხსნის ტკივილს კუჭის არეში.
. პიტნის ნაყენი (შეგიძლიათ, თერმოსის გარეშეც მოამზადოთ) დაგიწევთ ტემპერატურას, დაგეხმარებათ ოფლის მოდენაში.
. თუ თბილ წყალში რამდენიმე წვეთ პიტნის ზეთს გახსნით და დალევთ, უკეთ ჩაგეძინებათ. ეს საშუალება დაგეხმარებათ დეპრესიის შემოტევისას, გულისცემის აჩქარებისას. ასეთივე მოქმედება ახასიათებს პიტნის ჩაის.
. პიტნის ნახარშის საფენი ეფექტურია ტკივილის, მათ შორის – რევმატულის, დროს, აამებს მწერის ნაკბენს, ხსნის ქავილს.
. თუ პიტნის ნახარშს შეურევთ ზეითუნის ზეთს, მიიღებთ საუკეთესო საშუალებას დამწვრობის დასაამებლად, თავის ტკივილის დროს კი გირჩევთ, ერთმანეთში აურიოთ პიტნისა და ევკალიპტის ზეთი და საფეთქლები დაიზილოთ.

პიტნის ჩაის სმა ყველას შეუძლია, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებისთვის კონცენტრირებული ნაყენის მიცემა არ შეიძლება – მასში მაღალია მენთოლის შემცველობა. თუ ბავშვს ნაწლავთა სპაზმი აქვს და მუცელი სტკივა, მოუმზადეთ მას პიტნის ძალიან ბაცი ჩაი. გახსოვდეთ ისიც, რომ ქრონიკული გულძმარვის დროს პიტნის ზეთის მიღება არ შეიძლება.

თაფლსა და ლიმონთან შერეული პიტნა ძალიან უხდება გულს. წვრილად დაჭრილ ლიმონს დაამატეთ თაფლი (1:1) და შეინახეთ მაცივარში, პიტნის რამდენიმე ფოთოლს დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 15 წუთი და დაამატეთ თაფლისა და ლიმონის 1ჩ/კ ნაერთი. ეს ნაყენი აწესრიგებს გულის რიტმს, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულის კუნთების კვებას.

დასასრულს, პიტნა დაგვეხმარება ჭარბი თმის მოშორებაში. ამერიკელმა მედიკოსებმა კვლევებით დაამტკიცეს, რომ დღე-ღამეში რამდენიმე ფინჯანი პიტნის ჩაი ამცირებს ქალის თმიანობას, რომელიც განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერფუნქციით.

gemrielia.ge