კიწმარიშვილმა СZ ტიპის იარაღი გარდაცვალების დღეს შეიძინა, ნივთის ღირებულება 1700 ლარს შეადგენს
16:24:03     17-07-2014
„ვადასტურებ, რომ ეროს კიწმარიშვილმა СZ ტიპის იარაღი შეიძინა“,- უთხრეს „პრესა.ჯი“-ს იარაღის მაღაზიაში. თუმცა მაღაზიის გამყიდველებმა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.
კერძოდ „პრესა.ჯი“ დაინტერესდა, ამოიღეს თუ არა გამომძიებლებმა
მაღაზიაში დამონტაჟებული 2 სათვალთვალო კამერის ვიდეოკადრები.
პრესა.ჯი-სთვის ასევე უცნობია ამოიღეს თუ არა პეკინის #28-ში განთავსებულ
რესპუბლიკა ბანკის ფილიალს ვიდეოკადრები, რომელიც კიწმარიშვილის მაღაზიაში
შესვლა წესით უნდა დაეფიქსირებინა.
-მთავარი პროკურატურის სპიკერმა კოკა კაციტაძემ თქვა, რომ ამოღებულია ყველა ვიდეომასალა, რომლის შენახვაც მოხერხდა. არის გარკვეული ვიდეომასალა, რომლის ამოღებაც ვერ მოხერხდა, იყო თუ არა „დიანას“ კადრები მათ შორის, ან რისი თქმა შეგიძლიათ „რუსთავი 2“-ის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც კამერა, რომელიც კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა, შეტრიალებულია...
ნათია სუხიაშვილი: სხვა ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც კაციტაძემ გაახმოვანა, ჩვენ არ გვაქვს და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერც ვერაფერს ვიტყვით. თუ იქნება სხვა დამატებითი დეტალები, აუცილებლად შეგატყობინებთ.
პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 15 ივლისს შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ მანქანაში აღმოაჩნდა კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა.
„ასევე აღმოჩენილი იქნა მისივე სახელზე 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ მომხდარია გასროლა“.
კიწმარიშვილის მეგობრის ბადრი ნანეტაშვილის განცხადებით, 14 ივლისს იგი
კიწმარიშვილთან ერთად საბურთალოზე მდებარე იარაღის მაღაზია “დიანაში”
იარაღის შესარჩევად იმყოფებოდა. კიწმარიშვილმა შეარჩია CZ-ს ტიპის
პისტოლეტი, რომლის ღირებულებაც 1750 ლარს შეადგენდა, რის შემდეგაც ისინი
ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, (17:35 სთ), სადაც
იარაღის რეგისტრაცია ხდება, საბუთის გაფორმებისთვის, თუმცა 5 წუთი
დააგვიანდათ, რის შემდეგაც იარაღის გაფორმება კიწმარიშვილმა მომდევნო
დღისთვის გადადო.