საზარელი მკვლელობა ახალქალაქში, შურისძიების ნიადაგზე 8 თვის ჩვილი მოკლეს (დეტალები)
11:13:51     11-07-2014
საზარელი მკვლელობა მოხდა ახალქალაქში. 30 წლამდე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით სოფელ გოგაშენში 8 თვის ბავშვი და მისი ბებია მოკლა.
როგორც „პრესა.ჯი“-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, შალვა ბალახაძემ განუცხადა, მკვლელობა ეჭვიანობას უკავშირდება.
ეჭვმიტანილს წლების წინ მოკლული ბავშვის დედა უყვარდა, ახალგაზრდა ქალი კი ცოლად სხვას გაჰყვა.
შალვა ბალახაძე: მკვლელობა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში გუშინ მოხდა. 30 წლამდე მამაკაცმა 8 თვის ჩვილი და ბებია მოკლა.
- მკვლელობის მიზეზად რა სახელდება?
- დაახლოებით სამი წლის წინ, ეჭვმიტანილს მოკლული ბავშვის დედა ჰყვარებია, გოგო სხვაზე გათხოვდა, ამან კი შური ასე იძია.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლული ჩვილის დედა მეორე ქორწინებაში იყო, ანუ მისი პირველი ქმარია ეჭვმიტანილი?
- არა, როგორც აქ ამბობენ, ეჭვმიტანილს ეს ქალბატონი უყვარდა, მათ ოჯახი შექმნილი არ ჰქონიათ.
- ეჭვმიტანილი ადგილობრივია?
- არა, აჭარიდანაა ჩამოსახლებული.
- დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი?
- გვიან ღამე რომ ვიკითხე, მითხრეს რომ ეჭვმიტანილი არ არის დაკავებულიო, მან მიმალვა შეძლო. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ისინი პროზექტურიდან სახლში უკვე გადმოასვენეს.
- მკვლელობა სად მოხდა?
- გარდაცვლილი ქალბატონი და ჩვილიც ახალქალაქში ცხოვრობენ. მკვლელობის დღეს ისინი გარდაცვლილის ძმის სახლში სტუმად იმყოფებოდნენ. რა დროსაც იარაღით მოკლა 30 წლამდე ახალგაზრდამ. მკვლელობა სახლის ეზოში მოხდა".
ახალციხეში მომხდარი ფაქტი "პრესა.ჯი"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"ფაქტს ვადასტურებთ, მოხდა მკვლელობა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს",- აცხადებენ შს სამინისტროში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ გასცემენ ინფორმაციას იმის თაობაზე დაკავებულია თუ არა მკვლელობაში ბრალდებული.