არისტოკრატი ნიკოლ კიდმანი

  01:18:37     09-07-2014

მსახიობი და პროდიუსერი. დაიბადა 1967 წლის 20 ივნისს ჰავაის შტატის ქალაქ გონოლულუში. 4 წლის ნიკოლის მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ავსტრალიის ქ. ლონგვილში. ნიკოლი და მისი და - ანტონია ბავშვობიდან ხელოვნებით იყვნენ გატაცებულნი, დედის წყალობით ნიკოლმა კარიერაში წარმატებას მიაღწია.

ნიკოლის, როგორც მსახიობის, დებიუტი სკოლის საშობაო მეჯლისზე, 6 წლის ასაკში შედგა. ის მრავალმხივი ნიჭით იყო დაჯილდოებული, უყვარდა ცეკვა, მონაწილეობდა დრამატულ სცენებში, მაგრამ ძირითადაად გატაცებული იყო ბალეტით.

რამდენიმე წელი კიდმანი ფილიპ-სტრიტზე სიდნეის თეატრის დადგმაში მონაწილეობდა. 1983 წელს კი მისი სატელევიზიო დებიუტი შედგა, ესეც საშობაო დადგმა იყო, სახელწოდებით “Bush Christmas”, სიდნეის თეატრის სცენაზე მას ყოველ შობას დგამენ და ახლაც დიდი წარმატება აქვს. 1985 წელს 17 წლის მსახიობმა სერიალ “ვიეტნამში” ქალის როლის შერსულებისთვის ჯილდო მიიღო. ამავე წელს მისი დედა ფილტვების კიბოთი დაავადდა და ნიკოლმა სიდნეის უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა. ნიკოლი უმეტეს დროს ოჯახს და მსახიობის კარიერას უთმობდა. მალე ის ავსტრალიაში პოპულარული გახდა. 1990 წელს ნიკოლმა ტომ კრუზი გაიცნო და ცოლად გაჰყვა.

უკვე რამდენიმე წელია, ნიკოლი ცდილობს, ყველა კრიტიკოსს დაუმტკიცოს, რომ “მისის კრუზი” კი არა, სრულიად დამოუკიდებელი და თვითმყოფადი მსახიობია. 1995 წელს კიდმანმა ითამაშა ტელერეპორტიორის როლი ჰას ვან სენტის ფილმში “To Die For”. მალე ეკრანზე რიგრიგობით გამოდის ფილმები: “ბეტმენი ბრუნდება”, “მშვიდობისმყოფელი”, “პრაქტიკული მაგია” და ელიტარული მსახიობების სიაში კიდმანი თავის ადგილს იმკვიდრებს. 1998 წელს ის მონაწილეობს დევიდ ხეას დადგმაში “ლურჯი ოთახი”. ეს წელი ნიკოლმა და ტომმა მთლიანად სტენლი კუბრიკის ცნობილი ფილმის - “ფართოდ დახუჭული თვალები” - გადაღებებზე გაატარეს. ცნობილი რეჟისორი ფილმზე მუშაობის დასრულებამდე გარდაიცვალა. “ფართოდ დახუჭული თვალები” ეკრანზე მხოლოდ 1999 წელს გამოვიდა და მაშინვე კინოჰიტად იქცა.

წლების განმავლობაში ნიკოლისა და ტომის წყვილი ყველაზე შეხმატკბილებულად ითვლებოდა ჰოლივუდში. ბულვარული პრესა ათასგვარ მაკომპრომიტირებელ მასალას აქვეყნებდა, უამრავი სასამართლო პროცესი შედგა. და ამ პროცესებზე ყოველთვის ცნობილი ცოლ-ქმარი იმარჯვებდა. მსახიობებს შვილები არ ჰყავდათ, ამიტომ იზაბელა და კორნერი იშვილეს. მაგრამ 2001 წლის 5 თებერვალს 11 წლის ერთობლივი ცხოვრების შემდეგ ცოლ-ქმარმა საზოგადოებას განქორწინების შესახებ ამცნო. მათ აღიარეს, რომ დაიღალნენ მუდმივი განშორებით, რომელსაც შემოქმედებითი პროცესი იწვევდა.

ყველაფრის მიუხედავად, კიდმანი უქმად არ ხარჯავდა დროს და მალე განაგრძო პროფესიული აღმასავლა. 2001 წელს გამოვიდა ავსტრალიელი რეჟისორის ბაზ ლიუმენის მიუზიკლი “მულენ რუჟი”. ამ წარმატებულ პროექტში კიდმანმა კაბარეს მოცეკვავის როლი ითამაშა. გამოირკვა, რომ ის არაჩვეულებრივი მომღერალიცაა. ნიკოლმა თავი ესტრადაზეც გამოცადა, გადაიღო რამდენიმე კლიპი. ამავე წელს ეკრანზე გამოვიდა ტრილერი “სხვები”, ფილმში ნიკოლი ახალგაზრდა დედაა, რომელიც შვილებს მოჩვენებებით სავსე სახლში ზრდის. ამ ფილმებისთვის, “ქალის საუკეთესო დრამატული როლისა” და “საუკეთესო კომედიურ-მუსიკალური როლის” ნომინაციებში მან ოქროს გლობუსი მიიღო.

2003 წელს სტივენ დალდრის ფილმში “საათი” ქალის მთავარი როლისთვის ნიკოლმა ოსკარი მიიღო. ამ ფილმში ეკრანზე კიდმანის პარტნიორები არიან მერილ სტრიპი, ჟულიანა მური, ედ ჰარისი.

eva.ge