შოტლანდიაში ბერნსის სრული კრებული გამოიცემა

  10:55:14     22-02-2011

შოტლანდიური ქალაქის, გლაზგოს უნივერსიტეტმა მილიონი ფუნტი სტერლინგის გრანტი მიიღო, შოტლანდიელი პოეტის, რობერტ ბერნსის პირველი სრული კრებულის გამოცემისათვის. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება.

 

უახლოესი რვა წლის განმავლობაში რობერტ ბერნსის შემოქმედების შემსწავლელი ცენტრი ექვს ტომს გამოაქვეყნებს. მასში შევა პოეტის პოემები, ლექსები, სიმღერები, პროზაული ნამუშევრები, წერილები.

 

გამოცემის დაფინანსებას ხელოვნებისა და ჰუმანიტარული დისციპლინების შემსწავლელი საბჭო უზრუნველყოფს. პროექტის სამეცნიერო–ლიტერატურულ ნაწილს გლაზგოს უნივერსიტეტის ხუთი თანამშრომელი მოამზადებს, რომელთაც სათავეში საერთაშორისო დონის ექსპერტი, დოქტორი ჯერი კარუტერსი ჩაუდგება.

 

თავად კარუტერსმა პროექტს უკვე უწოდა „სეისმური ბიძგი, ბერნსის მემკვიდრეობის შესწავლაში.“ პოეტი რობერტ ბერნსი (1759–1796) ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი შოტლანდიელი პოეტია ისტორიაში. მისი პორტრეტი შოტლანდიური ფულის კუპიურებს და ბრიტანეთის საფოსტო მარკებს ამშვენებს, პოეტის დაბადების დღე, 25 იანვარი კი ეროვნულ დღესასწაულადაა გამოცხადებული. ამ დღეს, ტრადიციულად, ბერნსის საღამო აღინიშნება, რომლის დროსაც გამომსვლელები პოეტის ლექსებს კითხულობენ.