მერილ სტრიპი 65 წლისაა - ყველაზე საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან

  07:21:13     08-07-2014

22 ივნისს მერილ სტრიპი 65 წლის გახდა. კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური მსახიობი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელიც არის. ამიტომაცაა, რომ მისი დაბადების დღე მთელ მსოფლიოში მისმა უამრავმა თაყვანისმცემელმა აღნიშნა.

* მასზე ყველა გიჟდება - კრიტიკოსები, რეჟისორები, კოლეგები. დაიან კიტონმა მას 'თავისი თაობის გენიოსი' უწოდა, რობერტ დე ნირომ - 'ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანი და დიდებული მსახიობი', კლინტ ისტვუდმა - 'მსოფლიოს უდიდესი მსახიობი', ხოლო რეჟისორმა ალან ჯ. პაკულამ ერთხელ თქვა: 'რეჟისორისთვის სამოთხეა ადგილი, სადაც მთელი ცხოვრება შეიძლება მერილ სტრიპის გადაღება!'

* ბავშვობაში მერილ სტრიპი ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა და 12 წლიდან სიმღერის გაკვეთილებზეც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით იურისტის პროფესიის დაუფლება მოინდომა. მსოფლიო ვერ ნახავდა მის ათობით შესანიშნავ როლს, მაგრამ, საბედნიეროდ, მერილმა... გამოცდა ვერ ჩააბარა და გადაწყვიტა, რომ ეს ნიშანი იყო ზემოდან.

* მერილ სტრიპი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან მსახიობად მიიჩნევა. მოღვაწეობა თეატრში მას მერე დაიწყო, რაც ნიუ-იორკში ვასარის კერძო კოლეჯი დაამთავრა დრამის სპეციალიზაციით. გარდა ამისა, მაგისტრის ხარისხი აქვს იელის დრამის სკოლის გამომსახველობითი ხელოვნების სპეციალობით.

* 26 წლისამ გადაწყვიტა კინოში ბედის ცდა, თუმცა პირველი მცდელობა უსიამოვნო იყო. 'კინგ-კონგის' კასტინგზე აღმოჩნდა. პროდიუსერმა დინო დე ლაურენტისმა, რომელსაც ეგონა, რომ გოგონას იტალიური არ ესმოდა, თქვა: 'რატომ გამომიგზავნე ეს ღორი? ეს ქალი იმდენად უშნოა'. როგორ გაოგნდა, როცა მსახიობმა აღუშფოთებლად, დახვეწილი იტალიურით უპასუხა: 'ძალიან ვწუხვარ, რომ იმედი გაგიცრუეთ'. წლების შემდეგ მერილმა თქვა: 'ჩემი აზრით, ჩემს ვაჟს ყოველთვის ცოტათი რცხვენოდა მეგობრებთან იმის გამო, რომ მე არასდროს მითამაშია საშინელებათა ჟანრის ფილმებში. მე კი ასეთი ფილმის ყურებასაც კი ვერ მაიძულებთ'.

* მერილ სტრიპს არ უთამაშია კინგ-კონგის სექსუალური მსხვერპლი, თუმცა საეჭვოა, დღეს ამას ნანობდეს. მის კარიერაში 'ოსკარის' სარეკორდო - 18 ნომინაციაა და 28 - 'ოქროს გლობუსის'. ჯერჯერობით 3 'ოსკარი' აქვს მიღებული.

* მერილი ყველა როლს სხვადასხვაგვარი აქცენტით და თითქოს ხმითაც კი ასრულებს. როგორ? 'ხშირად მისვამენ ამ შეკითხვას და არ ვიცი, რა ვუპასუხო. როგორ შემიძლია, ვითამაშო როლი და ჩემი ხმით ვილაპარაკო?' - ამბობს მსახიობი, რომელიც ეკრანზე საერთოდ აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს. მხოლოდ ენა კი არა, 'გულის მუსიკაში' როლისთვის ვიოლინოზე დაკვრა ისწავლა - დღეში 6 საათს უკრავდა და მეცადინეობდა.

* მერილი ხშირად ერეოდათ მის მეგობარ და კოლეგა გლენ ქლოუზში. ერთხელ მაღაზიის მენეჯერებმა ძვირფასი საჩუქარიც კი გაუკეთეს და უთხრეს, რომ გიჟდებოდნენ მის როლზე 'სახიფათო კავშირში', რომელშიც ქლოუზი თამაშობს. თვით გლენმაც თქვა ერთხელ, რომ ხშირად ეშლებათ მერილში და დასძინა: 'სამწუხაროა, რომ 'ოსკარის' ჟიურის არ ვეშლებით'.

* უკვე 38 წელია, მერილ სტრიპი ერთ მამაკაცზეა გათხოვილი - მისი ქმარი მოქანდაკე დონ ჰამერია. მომავალი ქმარი ძმამ გააცნო. მომავალ ვარსკვლავს ბინა არ ჰქონდა ნიუ-იორკში და ჰამერმა თავისი სახელოსნო დაუთმო. დღეს წყვილს ოთხი შვილი ჰყავს და ბედნიერი ქორწინება აქვთ.

* მერილი ამტკიცებს, რომ არასდროს ცდილობდა იდეალურობას. არც პლასტიკურ ოპერაციებსა და დიეტებს აღიარებს, ახლაც კი, როცა ასაკში შევიდა. და მაინც ყველაზე მომხიბვლელია. ასევე არ უყვარს ძვირფასი ნივთები, მოდა, წვეულებები. არადა, რა კარგად განასახიერა გლამურული ჟურნალის მოდური რედაქტორი, რომელიც ატარებს 'პრადას'.

ჟურნალი 'რეიტინგი'