"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდება და შსს-ს პასუხი

  17:14:31     02-07-2014

"ბოლო პერიოდში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი სიცრუე და მსგავსი განცხადებების გაკეთება ემსახურება სამინისტროს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ქურდულ სამყაროსთან აქტიურ ბრძოლას აგრძელებს და ამის დასტურია მონაცემები და ის ღონისძიებები, რომელიც სამინისტრომ ამ მიმართულებით განახორციელა.

ახალი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-მ 2 ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა, 2013 წელს - 1 ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენები ჰქონდათ ე.წ. ქურდულ სამყაროში და ჰქონდათ კავშირები საზღვარგარეთ მყოფ სხვა ე.წ. კანონიერ ქურდებთან. ასევე, ძებნა არის გამოცხადებული 1 ე.წ. კანონიერ ქურდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2013 წელს 70 პირი დააკავა, 2014 წლის 6 თვეში კი - 25 პირი. შედარებისთვის, წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, დააკავეს ქურდული სამყაროს მხოლოდ 10 წევრი, და არც ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი არ დაუკავებიათ",- ასე ეხმაურება შს სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას, რომლის მიხედვითაც “ბოლო პერიოდში გამოიკვეთა საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის დაბრუნების შემაშფოთებელი ტენდენცია”.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აღნიშნულ საკითხს დღეს დეპუტატი გივი თარგამაძე გამოეხმაურა. „აღსანიშნავია, რომ ეს მოვლენები შეუძლებელი იქნებოდა დღევანდელი მთავრობის ღია, თუ ფარული დახმარებისა დამფარველობის გარეშე. რამდენიმე დღის წინ ჩვენ გაცნობეთ ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტების – რომან ბარბაქაძის (მეტსახელად "რემენა") და მინდია გორაძე (მეტსახელად "ლავას-ოღლი") – საქართველოში უპრობლემოდ შემოსვლისა და ქვეყნის დატოვების ამბავი.

დღეს  გვინდა გაცნობოთ კიდევ რამდენიმე დამატებითი დეტალი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემუშავებულია ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კრიმინალური სამყაროს ურთიერთთანამშრომლობის შემდეგი სისტემა: საქართველოს შსს რეგულარულად ახდენს სხვადასხვა ქვეყანაში (ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაში) დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში დეპორტაცია-ექსტრადიციის ინიცირებას. რეალურად, საქართველოს შსს ხელშეწყობით არ ხდება მათი საქართველოს ტერიტორიაზე მიღება, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ამის ნაცვლად, ხდება მათი გადამისამართება თურქეთში. 

ამავდროულად, თურქეთში გადაფრენამდე, თბილისის აეროპორტში მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების წრეში რამდენიმე საათიანი ქეიფის და დროსტარებისა. გამონაკლის შემთხვევებში ხდება ამ პირების საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთის დაფიქსირების გარეშე რამდენიმე დღით შემოყვანა და შემდეგ ისევ თურქეთში გამგზავრება.

კრიმინალებს ეს სიამოვნება 50 000 ათასი აშშ დოლარი უჯდებათ.

ჩვენი ინფორმაციით, აეროპორტში „მომსახურებას“  შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველო კურირებს.

ამის შემდეგ, უკვე თურქეთის ტერიტორიაზე ჩადიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ავტორიტეტებს, გაწეული დახმარების სანაცვლოდ, მაყურებელთა ჩანერგვის მეშვეობით, ციხეებზე კონტროლის განხორციელებაში დახმარებას სთხოვენ.

პირველი ამგვარი ვიზიტები თურქეთში ჯერ კიდევ აწ გადამდგარმა დეპარტამენტის უფროსმა დიმიტრი დარბაისელმა განახორციელა.

სამართალდამცავთა და კრიმინალის ამგვარი ურთიერთთანამშრომლობა ბუნებრივად იწვევს  კრიმინალური მდგომარეობის უკიდურეს დამძიმებას, სრულ დაუსჯელობას, ქურდული ტრადიციების დაბრუნებას, რასაც ბოლო დროს კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს შორის დაწყებული გარჩევები მოწმობს.

კერძოდ, 24 ივნისს მომხდარი ფაქტი. კრიმინალური ავტორიტეტის თამაზ კოროშინაძის  (კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ბანაკის წარმომადგენელი) შვილი ლოტკინის უბნის ტერიტორიაზე სასტიკად სცემა ასევე კრიმინალური ავტორიტეტის ზვიად პაპიაშვილის (შაქრო კალაშოვის ბანაკი) ორმა „ხელქვეითმა“,  "ნიკულინამ" და ნონიაშვილმა. მეორე დღეს,  კოროშინაძის წარმომადგენლებმა, შურისძიების მიზნით, ავტომატური იარაღიდან დაცხრილეს „მოწინააღმდეგე ბანაკი“. 

სროლის შედეგად დაჭრილია 7 პიროვნება. აქედან ორი ზემოხსენებული და კიდევ ერთი პირი მძიმედ. მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა კლასიკური გაგებით ქურდული ანგარიშსწორება, პოლიცია საქმის გამოძიებას არ აწარმოებს.აღსანიშნავია, რომ გარჩევის ყველა მონაწილემ 2012 წლის ამნიტიის შედეგად დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებები.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების ასეთი თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას“,- თქვა თარგამაძემ.