ენმ: კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს... რას ამბობს შსს?
14:11:17     30-06-2014
„ნაციონალური მოძრაობა“ შს სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ძებნილი, ე.წ კანონიერი ქურდის მფარველობაში ადანაშაულებს.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, 19 ივნისს საქართველოს საზღვრებს, სარფის საბაჟოს მხრიდან მოადგა ავტომანქანით, წარსულში საქართველოში ბანდიტიზმის ბრალდებით ნასამართლევი კრიმინალური ავტორიტეტი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი.
დეპუტატის ინფორმაციით, კანონიერი ქურდი შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ბრძანების საფუძველზე, სარფის საზღვრიდან უპრობლემოდ იქნა შემოშვებული.
„მიმდინარე წლის 19 ივნისს, საქართველოს საზღვრებს, სარფის საბაჟოს მხრიდან მოადგა ავტომანქანით, წარსულში საქართველოში ბანდიტიზმის ბრალდებით ნასამართლევი კრიმინალური ავტორიტეტი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი.ვინაიდან ლავას ოღლიზე გამოცხადებულია ძებნა სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით, საზღვარზე მობილიზებული იქნა შსს-ს ოთხი დეპარტამენტის - „სუს“-ის, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის დაცვის თანამშრომლები, ლავას ოღლის დაკავების მიზნით, მაგრამ მათ ბოლო მომენტში მიიღეს ბრძანება, რომ ის უპრობლემოდ შემოსულიყო საქართველოში.
19 ივნისს, 4 საათზე მინდია გორაძე მინდია აბაშიძის სახელით შემოვიდა ბათუმში, სადაც დახვდნენ მას მისი მეგობრები ფაღავა და დევაძე და რამაზ დევაძის BMW-ს მარკის ავტომობილით უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ ბათუმში, მთელი დღის განმავლობაში, ხოლო საღამოს სასტუმრო „გოლდენ პალასში“ ოჯახებთან ერთად იქეიფეს. მეორე დღეს კი, ლავას ოღლიმ საქართველო დატოვა.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ლავას ოღლის საქართველოში შემოსვლაზე დეპარტამენტის თანმშრომლებს ბრძანება მისცა შსს-ს ერთ -ერთმა მაღალჩინოსანმა. მოსახლეობამ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის აღდგენა.
ეს, რა თქმა უნდა, დემორალიზებას ახდენს პოლიციის და ფუნდამენტურად ანგრევს სახელმწიფოს. ამიტომ, მოვითხოვთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება და ამ დანაშაულში მონაწილე პირები იყვნენ დასჯილი“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.
„პრესა.ჯი“ კომენტარისთვის შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის მიერ დასახელებული პირი, მინდია გორაძე ძებნილი არ არის შს სამინისტროს მიერ.
„მინდია გორაძე, ასეთი პიროვნება შს სამინისტროს მიერ ძებნილი არ არის“ - განაცხადა გიორგობიანმა. შს პრესსამსახურის ხელმძღვანელისვე თქმით, ღვინიაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ გორაძემ საქართველოს საზღვარი მინდია აბაშიძის სახელით გადმოკვეთა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ასეთი სახელითა და გვარით საქართველოს საზღვარი არავის გადმოუკვეთავს“, - განმარტა მან.
ცნობისთვის, გასულ კვირას „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ ერთი კანონიერი ქურდის საქართველოში ჩამოსვლის ფაქტზე გაკეთდა განცხადება. მაშინ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში კიევიდან დეპორტირებული „კანონიერი ქურდი“, რომან ბარბაქაძე, იგივე „რემენა“, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის დავალებით თბილისის აეროპორტიდან შსს-ს გენ. ინსპექციის თანამშრომლებმა გაიყვანეს.
ვიცე-პრემიერს აღნიშნულ ბრალდებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. შს სამინისტროში კი ამ ფაქტსაც სიცრუე უწოდეს.