საუზმე მოსწავლისთვის - რეცეპტები და რჩევები

  01:35:50     12-06-2014

საუზმე ხომ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს ორგანიზმის აქტიურობასა და ენერგიულობას. როგორც წესი, ბავშვებს დილით ადგომა სულაც არ ეხალისებათ, ხშირად საუზმეზეც უარს ამბობენ და სკოლის ბუფეტის მიერ შემოთავაზებული მწირი მენიუს ამარა რჩებიან.

სპეციალისტების რჩევით, არ ღირს დავაძალოთ ბავშვს, ჩვენი აზრით, სასარგებლო, მაგრამ, მისი აზრით, უგემური საკვების ჭამა. ეს მას განწყობას გაუფუჭებს და ბევრ სარგებელსაც ვერ მოუტანს. სჯობს ისეთი საუზმე მოვამზადოთ, რომელსაც მოსწავლე სიამოვნებით მიირთმევს. შესაძლებლობის ფარგლებში, შევეცადოთ, რომ დილის მენიუ მრავალფეროვანი იყოს, ყოველდღიურად ფაფები ან ბუტერბროდები ბავშვს მალე ბეზრდება.  უმჯობესია, კვირის მენიუ წინასწარ შევადგინოთ, შევიტანოთ მასში მარტივი, სწრაფად მოსამზადებელი კერძები, რომლებიც იმპროვიზაციის საშუალებას მოგვცემს.


აუცილებელია, შევისწავლოთ ჩვენი შვილების ბიოლოგიური რიტმი. თუ იგი დილიდან აქტიურია, ადვილად იღვიძებს, მაშინ აუცილებლად ნოყიერი საუზმით უნდა გავუმასპინძლდეთ. ეს მას ენერგიით აავსებს. მაგრამ თუ მოსწავლე დილით ძლივს იღვიძებს, ნოყიერი საკვები მისი ორგანიზმისთვის ძნელი გადასამუშავებელი იქნება. ასეთ დროს, უმჯობესია, რაიმე მსუბუქი მოვუმზადოთ, სკოლაში კი ბუტერბროდი გავატანოთ, რომელსაც მოგვიანებით სიამოვნებით შეჭამს.
საუზმის მომზადებისას, ბავშვის სურვილების გათვალისწინება აუცილებელია.  მივცეთ მათ არჩევანის საშუალება რამოდენიმე კერძს შორის. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ მის აზრს ითვალისწინებენ, მეტი პასუხისმგებლობით ეპყრობა საუზმის პროცესს და ჭამს ყველაფერს, რასაც თეფშზე დაუდებენ.

ჩვენ არ შემოგთავაზებთ ფაფების რეცეპტებს. პირველ რიგში, მისი მომზადება, ალბათ, ისედაც იცით. მეორეც, ბავშვებს მაინც და მაინც არ უყვართ. თანაც, ფაფები, მიუხედავად იმისა რომ ძალიან სასარგებლოა, საკმარისი არ არის და ბავშვის ორგანიზმს სადილამდე საჭირო ენერგიით ვერ უზრუნველყოფს . აუცილებელია კიდევ რაიმეს დამატება, თუნდაც ბუტერბროდის, ხილის, ხაჭოს...

თუ ბავშვი დილით ძნელად იღვიძებს, მოვუმზადოთ მას ხილის სალათი. ხილი ორგანიზმში სეროტონინს ააქტიურებს - ე.წ. ბედნიერების ჰორმონს. ხილი სეზონისა და გემოვნების მიხედვით შევარჩიოთ, ჩავრთოთ სალათში 3-4 სახეობა. 

გთავაზობთ რამოდენიმე გემრიელი, სასარგებლო და ჯანსაღი საუზმის რეცეპტს, რომელიც ჩვენი ფანტაზიით შეგვიძლია  შევცვალოთ და გავამრავალფეროვნოთ:

სასარგებლო და სწრაფი ხილის სალათი
ვაშლიანი ფუნთუშები - უგემრიელესი საუზმე
კეფირიანი ბლინები
ვაშლი ხაჭოს გულით

თუ ბავშვი დილიდანვე აქტიურია და არც გაღვიძება უჭირს, შეგვიძლია უფრო ნოყიერი საუზმე შევთავაზოთ. 

"ჩიტის ბუდე"
ყაბაყის ოლადები
ბანანის ოლადები


ყველა ბავშვი აღმერთებს ფასტ-ფუდს. მაგრამ ასევე ყველამ ვიცით, რომ ეს მავნე პროდუქტია. მაგრამ თუ ჰამბურგერს თავად მოვამზადებთ, ის უფრო სასარგებლოც იქნება და გემრიელიც, ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ.

შევიძინოთ მინი პურები, დილით კი მრავალფენა გემრიელი ბურგერი ავაწყოთ. სასურველია სახლში მომზადებული მაიონეზი ან პამიდვრის სოუსი გამოვიყენოთ, შეიძლება არაჟნით ჩავანაცვლოთ, ჩავდოთ პურებს შუა სალათის ფოთოლი, ყველის ნაჭერი, მოხარშული ქათმის ხორცი ან წინა დღის სადილიდან შემორჩენილი კატლეტი, დავადოთ პამიდვრის ან კიტრის ნაჭერი და საუზმე მზადაა.