ცინდელიანის ბიძის ბრალდება და შამათავას პასუხი - ვინ, რატომ და როგორ მოკლა რეინჯერი?
18:32:23     10-06-2014
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მორიგი სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფრომა, რომან შამათავამ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მცხოვრები, მეტყევე-რეინჯერი, დათო ცინდელიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა და ზღვაში გადააგდო.
ცინდელიანის მკვლელობა არ არის ერთადერთი, რის გამოც შს სამინისტრო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფრომს ბრალს უმძიმებს.
რამდენიმე დღის წინ, შსს-მ რომან შამათავა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის, პაატა ქარდავას განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა. მაშინ შსს-მ ზუსტად იგივე სცენარი გააჟღერა და განაცხადა რომ რომან შამათავამ ქარდავა ზღვაში გაიყვანა და ერთი გასროლით მოკლა, რის შემდეგაც ნავიდან გადააგდო.
მკვლელობის მოტივად აქაც აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობა დასახელდა.
შს სამინისტროს განცხადების შემდეგ „პრესა.ჯი“ დავით ცინდელიანის ოჯახის წევრს დაუკავშირდა. დავით ცინდელიანის ბიძა, ოთარ ვიბლიანი აცხადებს, რომ ცინდელიანის გრდაცვალების შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავაც ფლობდა.
ოთარ ვიბლიანი (ცინდელიანის ბიძა): შს სამინისტრომ ძალიან კარდაგ იმუშავა, მადლობლები ვართ.
„პრესა.ჯი“: რა იცოდით ცინდელიანის მკვლელობის შესახებ?
- ჩვენი ინფორმაცია დღეს, შს სამინისტრომ დაადასტურა. დღეს რაც გაცხადდა 5 წლის წინ ვიცოდით. შამათავას გარდა, უნდა დაისაჯონ სატყეო დეპარტამენტის იმჟამინდელი უფროსი ლაშა ჭკადუა და მისი მოადგილე მამნიაშვილიც.
არ გამოვრიცხავ რომ საქმის კურში იყო თენგიზ გუნავაც.
დათო ცინდელიანი ქუთაისიდან რომ გაიტაცეს, ის თბილისში მოჰყავდათ, რადგან გზები გადაკეტილი იყო გააბრუნეს უკან და ბათუმში წაიყვანეს. ეს მოხდა ბრძანებით.
- საუბრობენ, რომ დავით ცინდელიანი აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობდა...
- ჭუბერში, დათოს სახლთან ახლოს, უშიშროების სამსახური იყო მობილიზებულები, როდესაც კოდორის ხეობა უბრძოლველად დავთმეთ, დათომ იქ დაბანაკებულ უშიშროების თანამშრომლებს უსაყვედურა, მოსახლეობა მაინც გამოგეშვათ, თოფის გასროლის გარეშე ნებდებოდით და ისე წასულიყავითო.
დათოს მიმართვას მათი გაღიზიანება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერის, დავით ცინდელიანის მიმართ ეს ბრალდება თითიდან გამოწოვილია.
- იყო ვერსია, რომ აგვისტოს ომის დროს კუდმა ერთ–ერთი სატელეფონო საუბრის გაშიფრვის შემდეგ დავით ცინდალიანის სიტყვები ამოიღო, სადაც ის ერთ რუს გოგოსთან ბორჯომის ხეობაში ქართული ტანკების თაობაზე საუბრობს...
- არაფერი საიდუმლო, სააკაშვილმაც თქვა ეგ ტელევიზორში, ისეთი მაგრები ვართო რომ ტანები ბორჯომის ხეობაში გვქონდა შენახულიო“.
„პრესა.ჯი“ რომან შამათავას ადვოკატს, რომეო საჯაიას ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ საჯაია შამათავას რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა.
რომეო საჯაია: „ეს ბრალდება არის სრული აბსურდი, ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პიარისთვის კეთდება. აღნიშნულ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. შამათავა აცხადებს, რომ ამ ადამიანს საერთოდ არ იცნობს, არანაირი კავშირი არ ჰქონია მასთან.
მინდა გითხართ რომ ჩვენებები სამართალდამცავებს ერთი წლის წინ აქვთ მიღებული, თუ ეს შემზარავი დანაშაული ჩაიდინა შამათავამ რატომ დუმდა ერთი წელი გამოძიება?
აღნიშნულ საქმეზე მათ აქვთ იგივე ხალხის ჩვენებები, რომლებიც რომან შამათავას მესამე საქმეში ამხელენ. თუ შს სამინსიტროს განცხადებით ვიმსჯელებთ, აღნიშნულმა მოწმეებმა შამათავასთან ერთად მიიღეს მონაწილეობა მკვლელობაში.
ანუ მურღულია მალხაზი, ტარიელ ბარამია, ონისე კვაშილავა... აქედან ზოგიერთი შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია და თუ შსს დანაშაულს გახსნილად აცხადებს რატომ არ არიან ეს დამიანები პასუხისმგებლობაში მიცემულნი?“.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგენილია: 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი კუდ-ის ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მცხოვრები, მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი ჩამოეყვანა სვანეთიდან ქალაქ თბილისში და მომხდარიყო მასთან გასაუბრება. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, თითქოსდა დათო ცინდელიანი თანამშრომლობდა აფხაზ სეპარატისტებთან.
კუდ-ის მაღალჩინოსნისათვის ცნობილი იყო, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ქალაქ ქუთაისში დანიშნული ჰქონდა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს თანამშრომლების გაერთიანებული თათბირი, სადაც სხვა თანამშრომლებთან ერთად დაბარებული იყო დათო ცინდელიანიც.
2008 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ,,მერსედესი“-სა და ,,ოპელი“-ს მარკის ავტომანქანებით, ქალაქ ქუთაისში, ნინოშვილისა და გრიშაშვილის ქუჩების კვეთასთან დახვდნენ ,,ნივის“ მარკის ავტომანქანას, რომელშიც სხვა მეტყევე რეინჯერებთან ერთად ისხდნენ დათო ცინდელიანი და მამამისი – ზაურ ცინდელიანი.
დათო ცინდელიანი გადასვეს ,,მერსედესი“-ს მარკის ავტომანქანაში, ხოლო ქუთაისი-ბაღდათის საავტომობილო გზის მონაკვეთიდან დათო ცინდელიანი ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსი“-თ ბაღდათი-საირმის შემოვლითი გზით წაიყვანეს თბილისის მიმართულებით. მოგვიანებით, ტელეფონით მიღებული დავალების შესაბამისად, დათო ცინდელიანი ნაცვლად ქალაქ თბილისისა ჩაიყვანეს ქალაქ ბათუმში და გადასცეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროს რომან შამათავას.
რომან შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დათო ცინდელიანი მიიყვანეს ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა.რომან შამათავას დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს კუთვნილი მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. რომან შამათავამ დათო ცინდელიანი ჩასვა აღნიშნულ ნავში, აუხვია თვალები და ნავმისადგომზე მყოფ აფხაზეთის კუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ნავიდან უბრძანა, რომ გაჰყოლოდა მას, რომელმაც შეასრულა ბრძანება და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე.
რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.ჩადენილი დანაშაულისათვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.