ოჯახის ბრალდება და გუნავას პასუხი - ვინ, რატომ და როგორ მოკლა პაატა ქარდავა?
16:24:51     05-06-2014
სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, თენგიზ გუნავა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის, პაატა ქარდავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით “პრესა.ჯი“-სთან პირველ კომენტას აკეთებს. გუნავა, შს სამინისტროს განცხადებას მის მიმართ დაწყებულ კამპანიას უკავშირებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ შს სამინისტროს განცხადება „თითიდან გამოწოვილია“.
თენგიზ გუნავა: „ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემს მიმართ, რომელიც რა თქმა უნდა არჩევნებს უკავშირდება. თანამშრომლები ოჯახის წევრებს ურეკავენ და ალაპარაკებენ ჩემს წინააღმდეგ“.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის - პაატა ქარდავას გაუჩინარების საქმე გახსნილად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაცხადა.
ნინო გიორგობიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პაატა ქარდავას საქმე უკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს მაშინდელ უფროსს, რომან შამათავას, რომელიც ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეზე უკვე დაკავებულია.
შს ინფორმაციით, „რომან შამათავას ბრძანებით, 2008 წლის 27 აგვისტოს, ქალაქ ზუგდიდში არსებული ფოსტის შენობის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს პაატა ქარდავას, რომელიც გადაადგილდებოდა პირად სარგებლობაში არსებული „მერსედესი“-ს მარკის ავტომანქანით და წაიყვანეს ქალაქ ფოთის მიმართულებით.რომან შამათავამ და მისმა თანამზრახველებმა პაატა ქარდავა გადაიყვანეს ქალაქ ბათუმში და მიიყვანეს შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რის შემდეგაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პაატა ქარდავას, რომელიც თავის მხრივ კატეგორიულად უარყოფდა აღნიშნულს“.
გიორგობიანისვე განცხადებით, „ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა ჩასვეს აღნიშნულ ნავში, რომან შამათავამ მას ფეხზე მოაბა ბეტონის ნატეხი და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე, რა დროსაც რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა პაატა ქარდავა და ცხედარი ზღვაში გადააგდო“.
შსს ს განცხადების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთეს პაატა ქარდავას ქვრივმა და ქალიშვილმა. ოჯახი, რომან შამათავასთან ერთად 2008 წელს სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნების დასჯასაც ითხოვს.
„მოვითხოვთ ყველა დამნაშავის დასჯას. ბოლომდე გაირკვეს საქმე. ერთი და ორი ადამიანი ამას ვერ გააკეთებდა. მოვითხოვთ დასჯას იმ ადამიანებისა, ვინც იყო მაშინ ხელმძღვანელები. თუ ადამიანი დამნაშავეა დასაჯე. რატომ უსპობ სიცოცხლეს? მას, როგორც ჩემ მეუღლეს მოუსპეს სიცოცხლე, ისე მოუსპონ შამათავასაც“, - განაცხადა ქარდავას ქვრივმა ელისო სართანიამ.
პაატა ქარდავას შვილის, ქრისტინე ქარდავაას განცხადებით კი, სამხარეო პოლიციის მაშინდელი უფროსი, თენგიზ გუნავა, მასთან პირისპირ შეხვედრისას ამბობდა, რომ „არ ვუშვებთ იმ ვერსიას, რომ პაატა ქარდავა შეიძლება მკვდარი იყოსო“.
„გუნავა გვეუბნებოდა მიმდინარეობს გამოძიება, პაატა შეიძლება ცოცხალი იყოს, არ ვუშვებთ იმ ვერსიას, რომ შეიძლება მკვდარი იყოსო. დარწმუნებული ვარ, მან მაშინაც იცოდა მამაჩამის აბავი. თქვეს, რომ მამაჩემი სამხარეოს ბიჭების მიერ იყო გაყვანილი. დავიჯეროთ უფროსმა არ იცოდა და ისე გაიყვანეს?!“,- ამბობს ქრისტინე ქარდავა. თუმცა, გუნავა მის მიმართ გამოთქმულ ბრალკდებებს უარყოფს.
P.S: ცხადია, დღეს, შამათავას წინააღმდეგ, უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა. ნებისმიერი მოტივით, სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი ამაზრზენი დანაშაულის ჩადენას გამართლება არ აქვს. თუმცა, ჯერ უცნობია თავად ბრალდებულის პოზიცია. უცნობია ისიც, აღიარებს თუ არა, რომა შამათავა დანაშაულს ან რის საფუძველზე წარუდგინეს მას ასეთი უმძიმესი ბრალდება.
არის თუ არა, ბრალდება დასაბუთებული, ემყარება თუ არა, ის, უტყუარი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობას? ეს, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლოზე გაირკვევა.
სასამართლო იმსჯელებს იმაზეც, არის თუ არა, დამნაშავე რომა შამათავა პაატა ქარდავას განზრახ მკვლელობაში. სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე კი, უდანაშაულობის პრეზუმფციის შესაბამისად, არავის აქვს უფლება, ბრალდებული აპრიორი დამნაშავედ მოიხსენიოს.