მეჰმეტ აკიფ ალაკურტი: "გვერდით საყვარელი ქალი არ მყავს"
23:23:44     29-05-2014
თურქული ფილმებისა და სერიალების მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი
მეჰმეტ აკიფ ალაკურტი – ახალგაზრდა, მიმზიდველი გარეგნობის მსახიობი
მამაკაცი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა სერიალ "სილათი" გაიცნო. ის 35
წლის გახლავთ. 1979 წლის 23 ივლისს შავი ზღვისპირეთის უძველეს ქალაქ
ფატსეში დაიბადა სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ
მეჰმეტი, დედის თხოვნით, მოდელი გახდა. სწორედ ამ დროს დაიწყო მან
თანამშრომლობა სააგენტო "ერბერკთან" და უამრავი თაყვანისმცემელი ქალიც
შეიძინა.
რამდენიმე წელიწადში მეჰმეტი
არმიაში გაიწვიეს. სამხედრო მოსამსახურის მკაცრმა რეჟიმმა ვერც მის
გარეგნობას დააკლო რამე და ვერც ფსიქოლოგიურად გატეხა. სავალდებულო
სამსახურის მოხდის შემდეგ ის მაშინვე დაუბრუნდა სამოდელო ბიზნესს. 2001
წელს კი "თურქეთის საუკეთესო მოდელი" გახდა. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო
მსოფლიო კონკურსში და "მსოფლიოს საუკეთესო მოდელის" ტიტულიც დაიმსახურა.
კინემატოგრაფში მეჰმეტი 2002 წლიდან გამოჩნდა. პირველად გადაიღეს სერიალში
"გატეხილი გული". წარმატება კი 2006 წელს "სილაში" შესრულებულმა ბორანის
როლმა მოუტანა და იმდენად პოპულარული გახდა მშვენიერ სქესში, რომ ჰოლივუდის
ცნობილ სექსსიმბოლოებსაც კი გაუწია კონკურენცია.
2013 წლის ბოლოს მსახიობი მიიწვიეს მთავარ როლზე ფილმში "ფატიჰ
დამპყრობელი", სადაც ასევე ბრწყინვალედ გაართვა თავი ცნობილი ისტორიული
პირის მეჰმედ დიდის როლს, რომელმაც ბიზანტია დაამხო და ოსმანთა დიდი
იმპერიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.
კარიერული წარმატების პარალელურად მეჰმეტის პირად ცხოვრებაზე ბევრი
არაფერია ცნობილი. სამწუხაროდ, მას არ უყვარს თავის ცხოვრებასა და
რომანებზე ლაპარაკი. საკმაოდ სერიოზული და სიტყვაძუნწია. როგორც თავად
ამბობს, ამჟამად გვერდით საყვარელი ქალიც არ ჰყავს.
მისი უახლესი ინტერვიუ ჟურნალ "კოსმოპოლიტანის" ხორვატიულ გამოცემაში დაიბეჭდა. მას ქვემოთ გთავაზობთ.
– სერიალ "სილაში" შესრულებულმა ბორანის როლმა მსოფლიო აღიარება მოგიტანათ. რა განცდაა, როცა პოპულარობის ზენიტში ხართ?
– ენით აუწერელი! ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გმირი ამდენმა ადამიანმა შეიყვარა.
– კრიტიკა თქვენზე ნეგატიურად ხომ არ მოქმედებს?
– არა, რადგან ყურადღებას არ ვაქცევ. როდესაც მსახიობობაზე გაქვს
პრეტენზია, კრიტიკისთვისაც მზად უნდა იყო. არიან ადამიანები, რომლებსაც
მოვწონვარ და არიან ისეთები, რომლებსაც გულზე არ ვეხატები. ბევრ უსიამოვნო
სტატიას ვკითხულობ საკუთარ თავზე, მაგრამ აღარ ვბრაზდები. იყო პერიოდი,
როდესაც ვბრაზდებოდი. გასაკვირი არ არის, რომ ვინც არ მიცნობს, ჩემზე
მხოლოდ უარყოფითად საუბრობს.
– გავრცელდა ჭორი, რომ თქვენ მოსამსახურეს ხმალი დაარტყით, მართალია?
– არა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭორია, მსგავსი არაფერი მომხდარა.
– ერთ–ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადეთ, რომ გქონდათ სერიოზული უთანხმოება, მაგრამ ეს წარსულში დარჩა, რას გულისხმობდით?
– დიახ, დიდი უთანხმოება მქონდა ერთ–ერთ კოლეგასთან. მან მე სასტიკი და
აგრესიული მიწოდა, მაგრამ ეს წარსულში დარჩა, რადგან მომხდარის გამო ბოდიში
მომიხადა.
– რას ეტყვით ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თქვენ ახალგაზრდებზე უარყოფით გავლენას ახდენთ?
– ვინც ასე ფიქრობს... მგონი, მე აზრს ვერ შევაცვლევინებ. ჩემი აზრით, ახალგაზრდებს ცუდ მაგალითს ნამდვილად არ ვაძლევ.
– ამჟამად თქვენ "ფატიჰ დამპყრობელში" გიღებენ, სადაც მეჰმედ დიდის როლს ასრულებთ. მოგწონთ ეს როლი?
– ძალიან მომწონს, რადგან მეჰმედ დიდი იყო ადამიანი, რომელმაც თურქეთი
ევროპასთან დააახლოვა და ჩვენმა ქვეყანამ თავისი სიტყვა თქვა.
– ისურვებდით იმ ეპოქაში ცხოვრებას?
– კი, ვისურვებდი, რადგან იმ დროს ყველაფერი ბუნებრივი იყო და არა – ხელოვნური.
– რა შეიცვალა მას შემდეგ?
– ჩვენ საშინლად ეგოისტ და ეჭვიან საზოგადოებაში ვცხოვრობთ.
– მეჰმეტ, როგორი ბავშვი იყავით?
– ძალიან ცელქი და დღესაც ასეთი ვარ. ხშირად ვჩხუბობდი, რადგან ვერ ვიტანდი უსამართლობას.
– რაზე ოცნებობთ?
– ვოცნებობ, მთის წვერზე ვიცხოვრო, რომლის ერთ მხარეს ზღვა იქნება, ხოლო მეორე მხარეს – ტყე.
– გამოდის, განმარტოებით გსურთ ცხოვრება. ახლობლები არ მოგენატრებათ?
– არა, რადგან ბუნება ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს.
– რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
– არაფერი საინტერესო. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დღეს გვერდით საყვარელი ქალი არ მყავს.