რუსეთის კულტურის სამინისტრომ პეტრე ტოდოროვსკისა და ანდრეი კანჩალოვსკის სცენარი დაბლოკა
16:38:16     29-05-2014
ცენზურა რუსულ კინოში. რუსეთის კულტურის სამინისტრომ პეტრე ტოდოროვსკისა და ანდრეი კანჩალოვსკის სცენარი დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის კულტურის სამინისტროსთან არსებულმა სამხედრო ექსპერტთა საბჭომ ერთი წლის წინ გარდაცვლილი, ცნობილი რუსი კინორეჟისორის, პეტრე ტოდოროვსკის სცენარი დაიწუნა. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, მასში, რუსი ოფიცრისა და ახალგაზრდა გერმანელი ქალბატონის ურთიერთობის რომანტიული ისტორიაა მოთხრობილი.
„სცენართან დაკავშირებით, საბჭოს უარყოფითი შთაბეჭდილება შეექმნა“, - განაცხადა საბჭოს წევრმა, რუსეთის საისტორიო-სამხედრო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრე ნაზაროვმა რუსეთის კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
ღონისძიებაზე მოხდა წარდგენა იმ სცენარებისა, რომელთაც სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება შესძლეს.
აწ გარდაცვლილი რეჟისორის სცენარის მიხედვით, ფილმის გადასაღებად პროექტი ფილმის მომავალმა პროდიუსერმა მირა ტოდოროვსკაიამ და რეჟისორმა ევგენი ლავრენტიევმა წარადგინეს.
ტოდოროვსკის გარდა, საბჭომ ანდრეი კანჩალოვსკის სცენარიც დაიწუნა. ცნობილ რუს რეჟისორს წარდგენილი ჰქონდა პროექტი ფილმისა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრის, ვერა ობოლენსკაიას შესახებ, სახელწოდებით „ვიკი“.
რუსეთის კულტურის სამინისტროსთან არსებულმა სამხედრო ექსპერტთა საბჭომ კანჩალოვსკისგან, „სცენარის ისტორიულ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა“ დაავალა.