აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებები განახლდა

  15:15:07     29-05-2014

ამ წუთებში, „ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიუროს კორესპონდენტის, ოლგა ივშინას ინფორმაციით, პრორუსმა სეპარატისტებმა ქალაქ სლავიანსკთან ახლოს, უკრაინის არმიის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. სავარაუდოდ, ეკიპაჟის წევრებიდან არავინ გადარჩენილა. 

საქმე ისაა, რომ ამ დილით, აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებები განახლდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც, ლუგანსკში, პრორუსი სეპარატისტები ეროვნული გვარდიის სამხედრო ნაწილს დაესხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. 

„უკრაინსკაია პრავდა“-ს ინფორმაციით, სეპარატისტებმა დაიკავეს სამხედრო ნაწილი. შეტაკებისას, მსხვერპლი იყო ორივე მხრიდან. 

„თავდასხმისას, ოფიცრებმა და საკონტრაქტო სამსახურში მყოფმა სამხედროებმა მოახერხეს თავდამსხმელთა მოგერიება და სამხედრო ნაწილის შენობის თავდაპირველი მცდელობის ჩაშლა“, - ნათქვამია უკრაინის ეროვნული გვარდიის პრეს-სამსახურის მიერ მათ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სააგენტო „უნიანი“-ს ინფორმაციით, უკრაინელ სამხედროებს შორის არიან დაჭრილები, მათ შორის ერთი - მძიმედ; დაღუპულები არ არიან. პრორუსმა ბოევიკებმა ხუთი მეომარი დაკარგეს.    

ამ ინციდენტის შემდეგ, ლუგანსკსა და კრამატორსკში ანტიტერორისტული ოპერაცია განახლდა.