ფსიქიკურად დაავადებული დიდი მწერლები, რომელთაც სამყაროს დიადი იდეები აჩუქეს

  16:40:24     28-05-2014

ერთ-ერთი პოპულარული ვებ-გვერდი ფსიქიურად დაავადებული მწერლების 9 კაციან სიას აქვეყნებს. ჩამონათვალში მოულოდნელი გვარებიც გვხვდება. 

პაციენტი  №1 - ედგარ ალან პო; ამერიკელი მწერალი და პოეტი 

დიაგნოზი: ფსიქიური აშლილობა; უფრო ზუსტი დიაგნოზი არ დასმულა 

უკვე 1830-იანი წლების ბოლოდან, ედგარ ალან პო დეპრესიის ხშირი შეტევებით იტანჯებოდა. გარდა ამისა, ის მეტისმეტად ხშირად ეტანებოდა ალკოჰოლს რაც, მის ისედაც დაზიანებულ ფსიქიკაზე კიდევ უფრო ცუდ გავლენას ახდენდა. თან, სიმთვრალის დროს, პოს დაუოკებელი სიბრაზის შეტევები ემართებოდა. მალე, ალკოჰოლს ოპიუმიც დაემატა. 

მწერლის ისედაც შერყეული ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც მისი ახალგაზრდა მეუღლე მძიმედ დაავადდა.  ვირჯინიას გარდაცვალების შემდეგ, ედგარ პომ მხოლოდ ორი წელი იცოცხლა. 

ამ ორი წლის განმავლობაში მან ორჯერ სცადა მეორედ დაქორწინებულიყო და ორჯერვე, უშედეგოდ. ერთხელ, მისი რჩეული ქალბატონი, პოს ავადმყოფობის ერთ-ერთ შეტევას შემთხვევით შეესწრო და ამით შეშინებულმა, მწერალს უარი უთხრა. 

მეორედ, პო თავისივე ქორწილში ვერ მივიდა. წინა დღეს ის ისე გამოთვრა, რომ უბრალოდ გონება დაკარგა და ისევ, სიგიჟის შეტევა დაემართა. შედეგად, მთვრალი და შეშლილი მწერალი გაუჩინარდა. ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფი მწერალი ერთ-ერთ ტრაქტირში აღმოაჩინეს. 

მწერალი ბალტიმორის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც ხუთი დღის შემდეგ ისე, რომ გონზე არც მოსულა. 

იდეები რომლებიც პომ სამყაროს აჩუქა: 

ედგარ ალან პო გვევლინება თანამედროვე ლიტერატურის ორ პოპულარულ ჟანრში - საშინელებათა და დეტექტიურის. 

პაციენტი  2-ფრიდრიჰ ვილჰელმ ნიცშე

დიაგნოზი: მოზაიკური შიზოფრენია (შეპყრობილობა). 

ცხოვრების ბოლო 20 წლის განმავლობაში ნიცშე განსაკუთრებით იტანჯებოდა ავადმყოფობით.  პარადოქსია, რომ სწორედ ამ წლებში დაწერა მან თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები. ამ ოციდან, 11 წელი მან ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარა. მასზე დედა ზრუნავდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ნიცშეს ისე გაუღრმავდა ავადმყოფობა, რომ მხოლოდ უმარტივესი ფრაზების წარმოთქმა და ერთმანეთზე გადაბმა-ღა შეეძლო. 

იდეა რომელიც ნიცშემ სამყაროს აჩუქა: სწორედ მის შემოქმედებაში გაჩნდა ზეადამიანის იდეა. 

პაციენტი 3 - ერნესტ ჰემინგუეი 

დიაგნოზი: მძიმე ფორმის დეპრესია და გონებრივი აშლილობა. 

1960 წელს ჰემინგუეი კუბადან ამერიკაში დაბრუნდა. უმძიმესი დეპრესიის ხშირი შეტევები იმდენად აწუხებდა, რომ პრაქტიკულად ვეღარ მუშაობდა - ვეღარ წერდა. ამის გამო, ის თავადვე დათანხმდა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობაზე. 

მკურნალობის დროს ჰემინგუეიმ ელექტროშოკით მკურნალობის 20 პროცედურა გადაიტანა. მოგვიანებით, ამ არაადამიანური პროცედურების შესახებ ჰემინგუეი წერდა: „ექიმები მწერლებს ვერ უგებენ: რა აზრი ჰქონდა ჩემი მეხსიერების წაშლას და ჩემი გონების დანგრევას? მეხსიერება ხომ ჩემი კაპიტალია... ამ მცდელობებით ისინი, ცხოვრების შუაგულიდან მაძევებდნენ. ეს ალბათ, ბრწყინვალე მკურნალობა იყო, მაგრამ პაციენტი კი დაკარგეს“. 

კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, ჰემინგუეიმ აღმოაჩინა, რომ ისევ ვერ წერდა და ამით სასოწარკვეთილმა, პირველად სცადა თვითმკვლელობა თუმცა, ახლობლებმა მისი გადარჩენა შესძლეს. ამის მერე, მეუღლის თხოვნით, ის დათანხმდა მკურნალობის მეორე კურსი გაევლო. ისიც უშედეგო აღმოჩნდა. კლინიკიდან მეორედ გამოწერილმა ჰემინგუეიმ მეორედ სცადა თვითმკვლელობა და ამჯერად, მისი შეჩერება ვეღარ შესძლეს.

იდეა რომელიც  ჰემინგუეიმ სამყაროს, ლიტერატურას აჩუქა: 

 „დაკარგული თაობა“. 

პაციენტი 4 - ფრანც კაფკა 

დიაგნოზი: მკვეთრად გამოხატული ნევროზი, არაპერიოდული დეპრესიული მდგომარეობა. 

კაფკას ავადმყოფობა სათავეს, მწერლისა და მისი მამის კონფლიქტიდან იღებს. მისი მშობლების ოჯახში მწერლობას არასერიოზულ საქმიანობად მიიჩნევდნენ და კაფკა იძულებული იყო მალულად ეწერა. ეს მას ძალიან აწუხებდა: „ჩემთვის ეს საშინელი ორმაგი ცხოვრებაა, საიდანაც, შესაძლო გამოსავალი - სიგიჟეა“. 

ფრანც კაფკა 41 წლის ასაკში, ტუბერკულოზისაგან, ხანგრძლივი აგონიის შემდეგ გარდაიცვალა, რომლის დროსაც ის განუხრელად კარგავდა არა მარტო ფიზიკურ არამედ, ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც. 

იდეა რომელიც  ფრანც კაფკამ სამყაროს, ლიტერატურას აჩუქა: 

„ლიტერატურა დიაგნოზით“ - ესთეტიური მიმართულება რომელიც ესოდენ სახასიათოა მე-20 საუკუნის ლიტერატურისთვის. 

პაციენტი 5 - ჯონათან სვიფტი, ირლანდიელი მწერალი

დიაგნოზი: პიკის ან ალცჰეიმერის დაავადება; ზუსტად დადგენილი არ არის და სპეციალისტები დღემდე კამათობენ ამის შესახებ. 

დაავადების სიმპტომები: თავბრუსხვევა, სივრცეში დეზორიენტირება, მეხსიერების დაკარგვა... ნაცნობების ვერ ცნობა და საუბრებიდან შინაარსის გამოტანის შეუძლებლობა. ეს ყველაფერი სვიფტს სიცოცხლის ბოლომდე სტანჯავდა. 

იდეა რომელიც  ჯონათან სვიფტმა სამყაროს, ლიტერატურას აჩუქა:

პოლიტიკური სატირის ახალი ფორმა. 

პაციენტი 6 - ჟან ჟაკ რუსო, ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, მოაზროვნე.

დიაგნოზი: პარანოია. 

ეკლესიასთან და ხელისუფლებასთან კონფლიქტის გამო, რუსოს მუდმივად ეჩვენებოდა, რომ ყველა მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში იყო ჩართული. წლებთან ერთად, მისი დაავადება იმდენად გართულდა, რომ ხშირად, მისი საქციელი სასაცილოც ხდებოდა. 

ასე მაგალითად, ერთხელ, ერთ-ერთ დიდგვაროვანთან, ციხე-კოშკში სტუმრობისას, რუსომ ჩათვალა, რომ მასპინძლებს სურდათ, მსახურის გარდაცვალება მისთვის დაებრალებინათ და ცხედრის გაკვეთის ჩატარება მოითხოვა.  

იდეა რომელიც  ჟან-ჟაკ რუსომ სამყაროს აჩუქა: 

პედაგოგიური რეფორმა - იმ დროს ფართოდ გავრცელებული დასჯის მეთოდის ნაცვლა, რუსომ სამყაროს ბავშვის აღზრდის ალტერნატიული, მოფერებითა და წახალისებით,  ვარიანტი შესთავაზა. 

პაციენტი 7, ნიკოლაი გოგოლი 

დიაგნოზი: შიზოფრენია, პერიოდული ფსიქოზი. 

მისი დაავადების მძიმე თუ შედარებით მსუბუქი გამოვლინებები მწერალს მთელი ცხოვრების განმავლობაში სტანჯავდა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე, ცხოვრების ბოლო წელი იყო. 

იდეა რომელიც  გოგოლმა სამყაროს, ლიტერატურას აჩუქა: 

„პატარა ადამიანი“ (რიგითი ობივატელი) და მის მიმართ სიყვარული.

პაციენტი 8, გი დე მოპასანი, ფრანგი მწერალი 

დიაგნოზი: ტვინის პროგრესირებადი დამბლა 

მთელი ცხოვრების განმავლობაში, მოპასანი იპოქონდრიით იტანჯებოდა და ამის გამო, ძალიან ეშინოდა, რომ შეიშლებოდა. 1884 წლიდან, მწერალს ხშირი ნერვული კრიზისები და ჰალუცინაციები დაეწყო. ასეთ მდგომარეობაში, მან ორჯერ სცადა თავის მოკვლა, მაგრამ ორივეჯერ გადარჩა. 1891 წლიდან, მოპასანი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს სადაც გარდაიცვალა კიდეც.

იდეა რომელიც  მოპასანმა სამყაროს, ლიტერატურას აჩუქა: 

ფიზიოლოგიზმი და ნატურალიზმი ლიტერატურაში. 

პაციენტი 9 ვირჯინია ვულფი, ინგლისელი მწერალი.

დიაგნოზი: დეპრესია, ჰალუციანაციები. 

ღრმა დეპრესიის შეტევებისას, ვირჯინია ვულფი მუდმივად წუწუნებდა, რომ „ანტიკური საბერძნეთის ბაღებში მოჟღურტულე ჩიტების ხმები ესმის“. 

1941 წელს, ლონდონის ერთ-ერთი ღამეული დაბომბვისას, დაინგრა მწერლის სახლი, სრულად დაიწვა მისი ბიბლიოთეკა და კინაღამ დაიღუპა ვულფის მეუღლე. ეს, მწერალი ქალის ისედაც შერყეული ჯანმრთელობისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა და ვულფმა თავის მოკვლა გადაწყვიტა. 1941 წლის 28 მარტს მან თავი დაიხრჩო მდინარე ოუსში. 

იდეა რომელიც  ვირჯინია ვულფმა  სამყაროს, ლიტერატურას აჩუქა: 

ვულფი ის მწერალია, რომლის შემოქმედებაც ლიტერატურული მოდერნიზმის ოქროს ფონდშია შესული.