ორი შემზარავი მკვლელობა: მცხეთაში მამამ შვილი, ქობულეთში კი ქმარმა ორსული ცოლი მოკლა

  12:35:24     22-05-2014

კიდევ ერთი მკვლელობა ამჟამად მცხეთაში. მიმდინარე წლის 20 მაისს მამამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი შვილი მოკლა. შს სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1945 წელს დაბადებული გოგი ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 20 მაისს მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს – 1972 წელს დაბადებულ ლევან ს-ს გულმკერდის არეში ცივი იარაღით ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

საზარელი მკვლელობა მოხდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში. აქ ქმარმა ორსული ცოლი მოკლა და ადგიოლიდან მიმალა. როგორც "პრესა.ჯი"-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურის რწმუნებულმა, როლანდ ბერიძემ უთხრა, ფეხმძიმე ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მკვლელობის მოტივად კონფლიქტი სახელდება. " 30 წლის რუსუდან ბერიძისთვის ქმარს ყელი გამოუჭრია. ის მრავალშვილიანი დედა იყო, ჰყავდა 9 შვილი და მეათზე იყო ფეხმძიმედ",- განაცხადა როლანდ ბერიძემ. მკვლელობა დღეს, დაახლოებით დილის 6.00 საათზე მოხდა. გარდაცვლილი ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო. ამჟამად გარდაცვლილის ოჯახში სოციალური სააგენტოს თანამშრომლები და პოლიცია იმყოფება.