სანქციების გამო რუსეთმა უკვე 90 მილიარდი დოლარი დაკარგა - რა უჯდება კრემლს უკრაინის ოკუპაცია

  14:36:22     16-05-2014

„დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების ეფექტი უკვე ჩანს“, - წერს დასავლური მედია. სხვადასხვა მედია-საშუალებების მიერ გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით, რუსეთი უკვე სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს განიცდის. 

მათი თქმით, ამ სანქციების გამო, რუსეთმა, მხოლოდ რუბლის კურსის შესანარჩუნებლად, უკვე დახარჯა 30 მილიარდი დოლარი; ორჯერ  ამაზე მეტი კი, რუსეთიდან დასავლური კაპიტალის გადინების გამო დაკარგა. „არადა, ჩვენ ჯერ სექტორალური სანქციებიც კი არ შემოგვიღია“- აღნიშნავენ ექსპერტები აშშ-ში. 

ბოლო პერიოდის განცხადებების გააზრებით, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ვაშინგტონში მოიფიქრეს როგორ შემოიღონ სანქციები რუსეთის ენერგეტიკის წინააღმდეგ ისე, რომ არც ევროპა დაზარალდეს და არც, ამერიკა. 

ამგვარად, თუ მოსკოვი შემდგომშიც გააგრძელებს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისაკენ მიმართულ ქმედებებს და ხელს შეუშლის 25 მაისისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, სასწრაფოდ ამოქმედდება ახალი ეკონომიკური სანქციები - ასეთი განცხადება 14 მაისს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა გააკეთა. 

„ჩვენს მიერ შემოღებული სანქციები უკვე „იკბინებიან“, - ციტირებს ნულანდს „უოლ სთრით ჯორნალი“. მაღალჩინოსნის თქმით, „სანქციების გამო, რუსეთმა, მხოლოდ რუბლის კურსის შესანარჩუნებლად, უკვე დახარჯა 30 მილიარდი დოლარი; 60 მილიარდი დოლარი კი, ინვესტიციების გადინების გამო დაკარგეს - იმდენივე, რამდენიც გასული წლის განმავლობაში მთლიანად; რუსული ობლიგაციების რეიტინგი კი, „არასაიმედო“-ზე ქვევით ჩავიდა. 

„ეს ციფრები მართლაც შთამბეჭდავია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ დასავლეთმა სანქციები სულ რაღაც 45-მდე ადამიანის წინააღმდეგ შემოიღო“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 

„დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გამო, რუსულ კომპანიებს სულ უფრო და უფრო უჭირთ კრედიტების აღება დასავლურ ბანკებში“, -იუწყება „ფაინენშელ თაიმსი“. 

გაზეთის ინფორმაციით, რუსული კომპანიებისთვის კრედიტის გაცემის აუცილებელ პირობად დასავლური ბანკები კომპანიებისაგან მოითხოვენ, რომ კონტრაქტში ჩაიწეროს კრედიტის სასწრაფოდ დაფარვის მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ სანქციები უშუალოდ შეეხება მათი კრედიტის მიმღებ კომპანიას.    

ასე მაგალითად, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსგავს პირობებზე დათანხმება მოუწია ალიშერ უსმანოვის „მეტალოინვესტს“ იმისათვის, რომ 1 მლრდ. დოლარის კრედიტი მიეღო.