
სპილენძიდან ოქრომდე
12:13:15     15-05-2014
- რა ასოციაცია გვიჩნდება პირველად ჩეხეთის გაგონებაზე?
- ჩეხეთზე? ლუდი!
დიახ,ჩეხეთი განთქმულია ლუდით. ტერმინები „თხევადი პური“ და „თხევადი ოქრო“ ლუდის სინონიმებად გამოიყენება ყოველდღიურ ჩეხურ ლექსიკონში. სტატისტიკას თუ ვენდობით ჩეხეთის მოქალაქე წელიწადში 150 ლიტრ ლუდს სვამს. ეს მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებს შორის რეკორდული მაჩვენებელია.
ლუდის დამზადების/ხარშვის და სმის კულტურა აქ საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა.ჩეხური ლუდის ბრენდებსაც კი საუკუნოვანი ტრადიცია აქვთ. მაგალითად „კოზელი“ - ლუდის მოყვარულთათვის ცნობილია, რომ „კოზელ“ ჩეხური ლუდია, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ეს ბრენდი მსოფლიოში #1 ჩეხური ბრენდია გაყიდვების მიხედვით და მისი ისტორია 1874 წელს იწყება.
თუმცა ვიდრე ფრანცისკე მესამე რინხოფერი ლუდის ანუ „თხევადი ორქოს“ ბიზნესში ჩაებმებოდა, მისი ბაბუა ფრანცისკე პირველი რინხოფერი ჩამოვიდა სოფელ ველკოპოპოვიცეში და სპილენძის საამქრო გახსნა. გადიოდა დრო, ფრანცისკე პირველის საქმიანობას ნაყოფი გამოჰქონდა და იგი თანდათან აფართოვებდა მოღვაწეობის სფეროებს. რინხოფერების გვარს უკავშირდება საავტომობილო ქარხნის - შკოდას ისტორიაც, მათვე ეკუთვნოდათ „სტირინის“ სასახლე პრაღის აღმოსავლეთით.
როდესაც ფრანცისკე მესამე რინხოფერს ადგილობრივმა სამღვდელო პირებმა* (* ევროპაში ხშირია შემთხვევები როდესაც ბერები ხარშავდნენ ლუდს) სპილენძისგან ლუდის სახარში ქვაბის გაკეთება სთხოვეს, მან გადაწყვიტა თვითონაცაეშენებინა ლუდსახარში. მართლაც, მისი ლუდი მალევე ძალიან პოპულარული გახდა. მიღებული შემოსავლით ფრანცისკემ გარშემო მიწები შეიძინა და გააფართოვა წარმოება. ამჟამად წარმოება ცამეტ-ნახევარ ჰექტარზეა გადაჭიმული. საინტერესო ფაქტია, რომ „კოზელის“ დამზადებისას გამოიყენება მხოლოდ ჩეხური ნედლეული.
1874 წლიდან ჩეხეთში ბევრი ლუდსახარში გაიხსნა, ეკონომიკის და ბიზნესის უხილავმა ხელმა „აიძულა“ ლუდსახარშის მფლობელები მოეფიქრებინათ ლუდისთვის რაიმე განმასხვავებელი ემბლემა და ამით გამოერჩიათ თავიანთი ლუდი სხვა ლუდებს შორის. ბედად, სწორედ ამ დროს სოფელს სტუმრობდა ფრანგი მხატვარი. მან გარკვეული დრო დაჰყო სოფელში. ადგილობრივების სტუმართ და შრომისმოყვარეობით აღფრთოვანებულმა ლუდსახარშს საჩუქრად დაუხატა ლოგო - თხას. სწორედ ლოგოს შესაბამისად დაერქვა ბრენდს „კოზელი“ (ჩეხურად კოზელი თხას ნიშნავს), ხოლო დაბადების ადგილიდან გამომდინარე გემრიელ ბრენდს სახელი „გაურთულდა“ (გაუგრძელდა) და „ველკოპოპოვეცკი კოზელი“ დაერქვა, თუმცა ლუდის ჭეშმარიტი მოყვარულებისთვის იგი უბრალოდ „კოზელია“.
თუ ოდესმე გადაწყვეტთ, ლუდსახარშის დათვალიერებას, აუცილებლად ესტუმრეთ ოლდა XIV-ს. ოლდა თხაა, რომელიც ქარხანაში ცხოვრობს. იგი ამჟამად რამდენიმე თვისაა, მარამ ქარხანაში სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრებს (შემდეგ მის საპატიო თანამდებობას მისივე მემკვიდრე დაიკავებს, ასე ხდება 1874 წლიდან) და სიამოვნებით იპოზიორებს თქვენი facebook-ის გვერდისთვის. ბრენდის სიმბოლოს,ამ ლუდის პირველი მხარშავის სახელი დაერქვა.
ლუდის გარდა, რინხოფერები იარაღსაც აწარმოებდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებთან კავშირის გამო მათი ოჯახი გააძევეს ჩეხეთიდან. ამის შემდეგ ლუდსახარში სახალხო გახდა, ხოლო 2002 წელს მსოფლიოში #2 ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ SAB Miller-მა შეიძინა.
გამიკვირდა, რომ გავიგე, რინხოფერების შთამომავლებს ქარხნის დაბრუნება სიამაყის გამო არც უცდიათ, თუმცა ისინი ქარხანას შეძლებისდაგვარად სტუმრობენ. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ქარხანაში ღია კარის დღეა. ეს წელიწადში ორჯერ ხდება (გაზაფხულსა და ზაფხულში) და მაშინ ნებისმიერ მსურველს ქარხნის დათვალიერება უფასოდ შეუძლია.