
2014 წელს, რუსეთის ეკონომიკის ზრდა ნულოვანი იქნება
18:32:33     14-05-2014
რუსეთის ეკონომიკის ზრდა 2014 წელს ნულოვანი იქნება ხოლო მომავალ, 2015-ში მხოლოდ 0,6%-ით გაიზრდება - ნათქვამია რეკონსტრუქციისა და განვითარების ევრობანკის მოხსენებაში. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიურო ავრცელებს.
ჯერ კიდევ იანვარში, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტებს სხვა მოლოდინი ჰქონდათ. მაშინ, მათი პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკის ზრდა 2,5%-ით იყო მოსალოდნელი.
ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ნულოვანი ზრდა რუსეთის ეკონომიკისთვის საუკეთესო სცენარია და ესეც, მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი თუ გეოპოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო არ მოიმატებს და შესაბამისად, რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ახალი, დამატებითი სანქციების შემოღება არ გახდება საჭირო.
რეკონსტრუქციისა და განვითარების ევრობანკის ექსპერტთა აზრით, რუსეთის ეკონომიკას ნავთობზე ფასების ზრდაც კი ვერ უშველის - ეს მხოლოდ დროებით მცირე გაუმჯობესებას გამოიწვევს; გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით, ნავთობ-დოლარები რუსეთის ეკონომიკის დიდ დანაკარგს ვერ აანაზღაურებს, რადგან მომხმარებლები ნავთობის ახალი მომწოდებლების ძიებას დაიწყებენ.