კანადამ „Magna“-ს რუსულ „ავტოტორომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა მოსთხოვა

  14:15:54     14-05-2014

კრემლის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიტაცების გამო, კანადის ხელისუფლება „Magna“-ს მესვეურთაგან რუსულ „ავტოტორომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ, „რია ნოვოსტი“-ზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსრუ“ ავრცელებს. 

კანადის ხელისუფლების პოზიციის შესახებ რუსეთის ხელისუფლებასაც მოეხსენება. უფრო ზუსტად, გუშინ, სამშაბათს, პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, კალინინგრადის „ავტოტორომის“ დასათვალიერებლად იმყოფებოდა. 

„Magna“-სათვის   კანადის ხელისუფლების მიერ წამოყენებული მოთხოვნის შესახებ მედვედევს სწორედ ამ ვოიაჟის დროს მოახსენა „ავტოტორომის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ვლადიმერ შჩერბაკოვმა. 

„რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შჩერბაკოვმა მედვედევს აუწყა, რომ კანადის ხელისუფლებამ „Magna“-ს წერილი გაუგზავნა რომელშიც, მათგან, „ავტოტორომთან“ დადებული კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვეს. 

პასუხად, რუსეთის პრემიერმა, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს, დენის მანტუროვს დაავალა, რომ ვითარება პირად კონტროლზე აიყვანოს. „ვითარებას უნდა დავაკვირდეთ და რაიმე საპასუხო წერილი გავგზავნოთ“, - განაცხადა მედვედევმა.