ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მეტისმეტად ზომიერია?
13:14:38     14-05-2014
„ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მეტისმეტად ზომიერია?..“ - მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი გააფართოვა, დასავლური მედია ყველაზე ხშირად სწორედ ამ კითხვას სვამს.
ზოგიერთ შემთხვევაში, თავად მედია-საშუალებაში პოზიციაც ფიქსირდება. მაგალითად, „ვოლ სთრით ჯორნალ“-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ევროკავშირი უმნიშვნელოდ აფართოებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“, რომლის ავტორიც ლოურენს ნორმანი გახლავთ.
ევროკავშირმა შემოიღო სანქციები კრემლის მაღალჩინოსანი მრჩევლის, უმაღლესი სამხედრო მთავარსარდლობის რამდენიმე წარმომადგენლის, უკრაინელი პრორუსი სეპარატისტების ზოგიერთი ლიდერის და ყირიმის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ - წერს სტატიის ავტორი.
ამ ჩამონათვალში, ყველაზე „მძიმე წონიანი“ ფიგურა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ვიაჩესლავ ვოლოდინია. როგორც ევროკავშირის მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, „ყირიმის პოლიტიკური ინტეგრაციის“ საკითხს სწორედ ის კურირებს.
„დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გაფართოებისკენ მიისწრაფვის“ - სტატიას ამ სათაურით, „ფაინენშელ თაიმსი“ აქვეყნებს.
„ამერიკა და მისი წამყვანი მოკავშირეები ამზადებენ კიდევ უფრო მნიშვნელოვან სანქციებს რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ და სერიოზულად განიხილავენ რუსეთში მაღალი ტექნოლოგიების შეტანაზე ემბარგოს დაწესების საკითხს იმ შემთხვევაში თუ კრემლი შეეცდება ჩაშალოს 25 მაისისთვის უკრაინაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩვენები“, - წერენ სტატიის ავტორები.
სტატიის რესპოდენტი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, „Foundation for Defense of Democracies“ წარმომადგენელი მარკ დუბოვიცი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, „გადადგმული იქნება ისეთივე ნაბიჯები როგორიც ირანის შემთხვევაში“.
„თუ მოვლენები მართლაც ასე განვითარდა, მაშინ, რუსეთს ძალიან გაუჭირდება ციმბირსა და არქტიკაში ფიქალის ნავთობის საბადოების აღმოჩენაც და მათი შემდგომი დამუშავება-ექსპლუატაციაც, რადგან მსგავს სამუშაოებს სწორედ უახლესი ტექნოლოგიები და სუპერ-თანამედროვე ტექნიკა ესაჭიროება“, - წერენ სტატიის ავტორები.