ირაკლი სესიაშვილი: არ შეიძლება ვიყოთ იმის იმედად, რომ პუტინს მორიგი სისულელე არ მოუვა თავში

  13:06:17     14-05-2014

საქართველო, ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს მოაწერს ხელს და კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდება ევროკავშირს. „პრესა.ჯი“ დაინტერესდა, რა საფრთხეები არსებობს რუსეთის მხრიდან ასოცირების ხელმოწერამდე და აქვს თუ არა, მოსალოდნელი აგრესიის აღსაკვეთად საქართელოს მთავრობას ქმედითი ნაბიჯები შემუშავებული?

„პრესა.ჯი“-სთან საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი რუსეთის მხრიდან აგრესიას არ გამორიცხავს, თუმცა ირწმუნება, რომ მთავრობას ყველა გეგმა და მოსალოდნელი შედეგი გათვლილი აქვს.

„პრესა.ჯი“:  ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე თუ ელოდებით რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს? არის მზად მთავრობა ყველა შესაძლო ვარიანტისთვის?

ირაკლი სესიაშვილი: პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია. რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს სამხედრო ბაზები.

ამიტომ, თეორიულად, ეს საფრთხე არსებობს. რისკები ძალიან მაღალია. განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ხდება უკრაინის ტერიტორიაზე. ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება თავისუფალი სამყაროს ლტოლვას დასავლეთისკენ.

შესაბამისად, პროვოკაციის რისკი მატულობს, მაგრამ ვინაიდან ამ რისკების ქვეშ  ყოველდღიურად გვიწევს ცხოვრება, თავისთავად ცხადია რომ ჩვენც ყოვედღიურად ვფიქრობთ და ვმუშაობთ, რომ გვქონდეს ძლიერი უსაფრთხოების სისტემა და პრევენციულად გავატაროთ ყველა ღონისძიება, რომელიც ნებისმიერი პროვოკაციის აღკვეთისთვის იქნება საჭირო.

მთავრობაში ყველა შესაძლო სცენარის ანალიზი ხდება და შესაბამისად, უსაფრთხოების სისტემა მაქსიმალურად მობილიზებულია, ნებისმიერი პროვოკაციისთვის. მთავარია, ჩვენ გვქონდეს ერთიანი პოზიცია, ასევე დასავლეთისგან გაკეთდეს მკაფიო მესიჯები.

დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ამ ხელშეკრულებას მშვიდობიანად მოვაწერთ ხელს და შეუქცევადი გახდება ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში.

- უკრაინის სცენარის საქართველოში განმეორება რამდენად დიდია?

- მე არ ვთვლი, რომ არსებობს პირდაპირი საფრთხე იმისა, რომ მსგავსი სცენარი განვითარდეს საქართველოში. ამ ეტაპისთვის ამის ნიშნები არ შეინიშნება. თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას მოვდუნდეთ და ვიყოთ იმის იმედად, რომ პუტინს მორიგი სისულელე არ მოუვა თავში. ამიტომ ჩვენ პრევენციულად ვატარებთ ყველა ღონისძიებას და იმ რესურსის ფარგლებში რაც გვაქვს, ვცდილობთ ვიყოთ მზად.

- ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, პრემიერი ღარიბაშვილი თუ პრეზიდენტი-მარგველაშვილი?

ვერ გეტყვით, არ ვიცი როგრ არის, ან საერთოდ თუ არაის ეს თემა გაწერილი კონსტიტუციაში. არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში.