დონეცკში, რუსეთთან მიერთების შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმი აღარ გაიმართება
12:12:49     13-05-2014
რუსეთთან მიერთების შესახებ 18 მაისისთვის, დონეცკში დაგეგმილი რეფერენდუმი აღარ გაიმართება. ეს განცხადება დონეცკელი პრორუსი სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, დენის პუშილინმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ, „ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიურო ავრცელებს.
პუშილინის თქმით, თუ სეპარატისტები ოფიციალური უკრაინის მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლებენ, მაშინ ისინი დახმარების თხოვნით მშვიდობისმყოფელებს - სავარაუდოდ, რუსული მხარის - მიმართავენ.
„ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 7 მაისს უკვე გამოვაცხადეთ. გუშინ, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ჩვენს ინიციატივას მხარი დაუჭირა. შემდგომი ნაბიჯების შესახებ კონსულტაციების გზით შევთანხმდებით.
კიევმა კი, თავისი თავის დისკრედიტირება მოახდინა. ამიერიდან, მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ მძევლების, ტყვეების გაცვლის საკითხზე“, - ავრცელებს „ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიურო პუშილინის განცხადებას.
შეგახსენებთ რომ კრემლის ინიციატივითა და დახმარებით, პრორუსი სეპარატისტები უკრაინის დაშლას ცდილობენ. ყირიმის მიტაცების შემდეგ, პუტინი უკრაინისთვის აღმოსავლეთ რეგიონების წართმევას აპირებს.