დონეცკსა და ლუგანსკში ჩატარებულ „რეფერენდუმს“ მოსკოვი ცნობს, ცივილიზებული სამყარო ემიჯნება

  13:25:30     12-05-2014

 ლუგანსკის ოლქის ე.წ. რეფერენდუმის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგიონის სტატუსის შესახებ გუშინდელი „რეფერენდუმის“ შედეგების პირველი მონაცემები გამოაქვეყნა.

 „პირველადი მონაცემების თანახმად, ლუგანსკის ოლქის ფედერალიზაციის მომხრეა ამომრჩევლის 95,98%“,, - განაცხადა ინტერფაქსთან საუბრისას ოლქის ე.წ. რეფერენდუმის  ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე მალიხინმა.

 მისი თქმით, გუშინდელი რეფერენდუმის შედეგებით, მოსახელობის უმრავლესობამ ოლქის ფედერალიზაციას დაუჭირა მხარი. იგივე ვითარებაა დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით. 

 ამასობაში, ოფიციალური მოსკოვი თავს იკატუნებს. პუტინის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მოსკოვი პატივისცემით ეკიდება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობის ნების გამოვლინებას“. რაც შეეხება პირადად პუტინსა და მის პოზიციას, პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, იგი „რეფერენდუმების შედეგების გამოქვეყნებას ელოდება“.

 „რუსეთის ლიდერი  დონეცკსა და ლუგანსკში ჩატარებული რეფერენდუმების შედეგების გამოქვეყნებას ელოდება.  პუტინი თავის პოზიციას მხოლოდ მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც რეფერენდუმების საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი“, - აღნიშნა პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა და იქვე, ხაზგასმით დაამატა, რომ „რთულია წინასწარ თქვა თუ როგორი იქნება პრეზიდენტის გადაწყვეტილება“.

 სანამ მოსკოვი თავს იკატუნებს, ცივილიზებული სამყარო უკვე აკეთებს განცხადებებს. ამერიკისა და  სხვადასხვა ევროპელმა მაღალჩინოსნებმა უკვე გააკეთეს განცხადებები ამ ე.წ. რეფერენდუმების არალეგიტიმურობის შესახებ.

 გუშინდელი მოვლენები დაგმო ოფიციალურმა კიევმაც.

 „გუშინდელ ფარსს ტერორისტები და სეპარატისტები რეფერენდუმს უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ეს სხვა არაფერია, თუ არა, მკვლელობის, ძალადობის, ადამიანთა გატაცებისა და სხვა მსგავსი უმძიმესი კრიმინალური ქმედებების პროპაგანდისტული შეფუთვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ტურჩინოვმა სხავადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუებში.