გიორგი კოდუასა და ნინო სუთიძის ურთიერთბრალდებები - ვინ და რატომ სცემა დავით კოდუა?

  17:13:01     05-05-2014

დავით კოდუას ცემის ფაქტზე ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. საქალაქო სასამართლოში, შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს ნამორაძის ადვოკატიც, ის ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

პარალელურად, კოდუას ძმა, ბიზნესმენი გიორგი კოდუა, მომხდარის შესახებ ახალ ვერსიას განიხილავს და ამბობს, რომ შესაძლოა მისი ძმის ცემა ნოშრევან ნამორაძემ შეუკვეთა და უაშუალოდ ცემაში არც კი მონაწილეობდა.

„პრესა.ჯი“ თავდაპირველად გიორგი კოდუას შემდეგ კი ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძის მეუღლეს ნინო სუთიძეს ესაუბრა.

გიორგი კოდუა: ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დაფარული? ველოდებით ობიექტურობის დადგენას. აგერ არის სასტიკად ნაცემი პაციენტი, არიან თვითმხილველები...

- დაკავებული აღიარებით ჩვენებაში ირწმუნება, რომ მარტომ სცემა თქვენი ძმა, ნამორაძე ელექტროშოკოს გამოყენებასაც კატეგორიულად გამორიცხავს...

- მოდით ასე ვთქვათ, ამოიღეთ და ნახეთ ის ვიდეო-კადრები, სადაც „ვინმე“ ნოშრევანი აძლევს აღიარებით ჩვენებას. მას ხელები ძალიან კარგად უჩანს. შემდეგ ნახეთ ჩემი ძმის სახე, რა დღეშია ადამიანი. მე ძველი მოკრივე ვარ. როცა ადამიანს სპეციალური ხელთათმანის გარეშე ურტყამ, ყველაზე ცოტა, ხელი უნდა გაგისივდეს ან მოგტყდეს. ნოშრევანს კი ხელზე დაზიანება არ აღენიშნება, ნაკაწრიც კი არ აქვს. ხელის გამოუყენებლობით როგორ მოახერხა დათოს ცემა?

- ნოშრევანს თქვენი ძმა არ უცემია?

- დაიბრალა, კი... ცემა ვიღაც ჯგუფმა. თუ ეს გვერდზე იყო და უყურებდა, მაგასაც გავარკვევ. თქვენ მაგის თუ გჯერათ, რომ ნოშრევანმა მარტო სცემა ამხელა კაცი თან ისე რომ ადამიანი რეანიმაციაში, მძიმე მდგომარეობაშია, დაიჯერეთ, თქვენი ნებაა.

- უნდა გადაკვალიფიცირდეს თუ არა, ბრალდებულისთვის წაყენებული ბრალი?

- როგორ გგონიათ, ადამიანის ამ დღეში ჩაგდება ხულიგნობაა? კარგით რა... ცოტა გამოვფხიზლდეთ, დაუკვირდეთ რა შემოგვაქვს „მოდაში“. თუ ადამიანი, პოლიციელი სახელმწიფოს ემსახურებოდა მას და მის ოჯახს ასე უნდა გაუსწორდე?

შემიძლია დავიფიცო, ყველაზე წმინდას - ოჯახს გეფიცებით, რომ ირაკლი კოდუა არც ერთ კრიმინალს, დედაჩემისა და მამაჩემის თხოვნით არ იჭერდა და არ უპირიპირდებოდა. ეს კრიმინალები დღეს გამოვიდნენ, ციხიდან და დაუწყეს დევნა პოლიციელების ოჯახის წევრებს.

- ნამორაძე დავით კოდუას ცემის მოტივად წართმეულ ბიზნეს-წილებს ასახელებს...

- იცით რომ მეც ბიზნესმენი ვარ, ბიზნესმენები კი ასე არ იქცევიან. ქუჩაში ცემითა და შურისძიებით ფული არ კეთდება. თუ პრობლემა და პრეტენზია გვაქვს, ვარკვევთ სასამართლოს გზით. „ტიფლის დეველოპმენტში“ ჩემ ძმას წილი საერთოდ არ აქვს, შებრძანდით რეესტრში და ნახავთ“.

„პრესა.ჯი“ ნოშრევან ნამორაძის მეუღლეს, ნინო სუთიძესაც ესაუბრა.

„პრესა.ჯი“: დავით კოდუას ძმამ გიორგი კოდუამ არ გამორიცხა, რომ ნოშრევან ნამორაძემ მისი ძმის ცემა შეუკვეთა, ცემით კი სხვას აცემინა...

- დავით კოდუას სხეულზე არ აქვს არც ერთი ნაკაწრი. როგორც ვიცი სახეზეა ნაცემი, ისიც არის ცხვირის მოტეხილობა მარტო და აქვს სილურჯეები. რაც შეეხება ცემის ფაქტს, ნოშრევან ნამორაძე თავისუფლად შეძლებდა ადამიანის ცემას, ის არის ყოფილი რაგბისტი.

სიგამხდრე არ ნიშნავს იმას რომ ადამიანის ცემა ვერ შეძლო. თუმცა აქვე ვამბობ, რომ ვწუხვარ ცემის ფაქტზე, ნამდვილად არ ვარ ცემის მომხრე. ნოშრევანის ტანსაცმელი წაღებულია ექსპერტიზაზე და ეს დამტკიცდება ექსპერტიზის პასუხების შემდეგ ძალიან მარტივად. ზუსტად ვიიცი რატომაც აკეთეენ მსგავს განცხადებებს...

- რატომ?

- ოღონდ ნოშიკო არ ყოფილიყო, მათ არ უნდათ რომ ჩემი ქმარი ყოფილიყო. იმიტომ რომ წინსწრებით იციან რის გამო ცემა ნოშრევანმა დავით კოდუა.

- ხომ შეიძლებოდა პრობლემა სამართლებრივად მოგვარებულიყო და არა ძალისმიერი მეთოდებით?

- სასამართლოსთვის მიმართული გვაქვს ჩემო კარგო, მიმდინარეობს გამოძიება. ნანუკა ჟორღოლიანმა ისიც თქვა, რომ შეწყვეტილია გამოძიება, ნოშრევან ნამორაძე კი გამწარებულია, რომ ვერ იპოვა სამართალიო.

მას უპასუხა შს სამინისტრომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და სიმართლე აუცილებლად დადგინდება. ნოშიკოს გამართლება იმას არ ნიშნავს, რომ დათო და ირაკლი რომ შეხვედროდა ქუჩაში პასუხს არ მოთხოვდა მათ. ქალაქში ვინც ცხოვრობს, ყველამ იცის, რომ ნოშრევან ნამორაძე სიგარეტსაც არ ეწევა, ამათ კი ნარკოტიკი ჩაუდეს.

- „ბიგ-ბენთან“ მომხდარ ინცინდენტზე რა იტყვით?

- ნოშრევანმა დაიცვა თავი და გამართლდა გიორგი ღვინიაშვილის პროკურორობის დროს და ვანო მერბიშვილის შს მინისტრობის დროს. ნანუკა გადამისამართდეს მათთან და ეს კითხვები მათ დაუსვას“. 

P.S: ნოშრევან ნამორაძის ახლობლები დავით კოდუას ცემის ფაქტს ამართლებენ. ისინი მომხდარს "გამწარებული კაცის" სპონტანურ მოქმედებას უკავშირებენ. თუმცა, დაფიქრებულან კი, ბატონი ნამორაძის მეგობარ-ნათესავები იმის შესახებ რომ იქნებ თბილისში ცხოვრობენ ისეთებიც, ვისაც ნამორაძესთან "ძველი ანგარიშები აქვთ"?

ხვალ რომ ნამორაძეს, მისი ოჯახის რომელიმე წევრსა თუ ნათესავს იგივე მოუვიდეს, რაც დავით კოდუას დაემართა, იქნება კი, მსგავსი სისასტიკე "გასაპრავებელი" არგუმენტით: "აბა დავით კოდუა რომ სცემეს"?