ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პირველი მონახაზი მზადაა
16:48:12     15-02-2011
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პირველი მონახაზი მზადაა და საპარლამენტო კომიტეტებში მისი განხილვა პოლიტიკურ ძალებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად, მიმდინარე კვირის პარასკევს დაიწყება. Pპარლამენტი, დოკუმენტს განხილვებისა და შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ დაამტკიცებს. რა არსობრივ ცვლილებებს ითვალისწინებს დოკუმენტი, ამის შესახებ “პრესა.ჯი” უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორს, ლაშა დარსალიას ესაუბრა.
- რა არის კონცეფციის მთავარი ამოცანა?
- ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტის მთავარი ამოცანაა, პოლიტიკის ის პრიორიტეტები განისაზღვროს, რომელიც საფრთხეების გასანეიტრალებლად გატარდება. კონკრეტულად იმ საფრთხეების, რომელიც დღეს, საქართველოს წინაშე დგას.
- წინა კონფეციისგან განსხვავებით, რა ახალი საფრთხეები იქნება ახალ დოკუმენტში გათვალისწინებული?
- ძველი კონცეფცია 2006 წელს შემუშავდა და დღეს, ახალი საფრთხეების წინაშე ვდგავართ. აქედან გამომდინარე, ახალი უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები უნდა დავსახოთ. მაგალითად, 2008 წლის შემდეგ ოკუპაცია გვაქვს, შესაბამისად, დოკუმენტში ერთერთი პრიორიტეტი დეოკუპაციის პოლიტიკა იქნება. ამ დოკუმენტში ასევე, ჩართულობის პოლიტიკა აისახება, რაც ძველ დოკუმენტში არ იყო. ჩართულობაში ვგულისხმობ, სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობას.
- დოკუმენტის შემუშავებაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი, თუმცა, რატომ გადაწყდა ახლა მისი მიღება?
- 2006 წლის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, მიღებული არ ყოფილა და შესაბამისად, დოკუმენტს განახლება უწევს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტის მიღება ახალი რეალობის გამო ხდება. ახალი დოკუმენტი პირობითად 5 წელზე იქნება გათვლილი.