თბილისური ვენდეტა და ნამორაძის „ბეგრაუნდი“ - რა მოხდა და რა მოხდება

  13:26:49     05-05-2014

დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ „პრესა.ჯი“-ს კოდუას რძალმა, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განუცხადა. ტელეწამყვანი ამბობს, რომ ამ წუთებში საუნივერსიტეტო კლინიკაში დავით კოდუას განმეორებითი გამოკვლევა უტარდება. ჟორჟოლიანის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: შეშუპება იმდენად დიდი არ არის რამდენადაც პროგრესირებადი. შეშინებულები ვართ სწორედ იმიტომ რომ იზრდება ეს შეშუპება. ველოდებოდით 11: 30 საათს, უნდა გამოსულიყო კომიდან, მაგრამ ფაქტი ის არის რომ კაცი ისევ მართვით სუნთქვაზეა. ისევ კომაშია. ამ წუთებში უტარდება ხელახალი გამოკვლევა იმის დასადგენად, გაგრძელდა თუ არა კიდევ ტვინის შეშუპება.

- უცხოეთიდან აპირებთ მედიკოსთა ჩამოყვანას, ქართველი ექიმები ვერ უმკლავდებიან მიღებულ ტრამვებს?

- დიახ, იყო შემოთავაზება ჩამოგვეყვანა ექიმები. მე ქართველ ექიმებს ვერაფერს ვუსაყვედურებ, უბრალოდ ტვინი ასეთია, შიძლება მერე აღმოაჩნდეს რაღაცები. ანუ, პირველ დღეს ყველა გვეუბნებოდა რომ „გამოძვრა“, მაგრამ მეორე დღეს ორი გემატომა აღმოაჩნდა. დაეწყო შეშუპება. დაველოდოთ გამოკვლევას და შემდეგ ვისაუბროთ სხვა ექიმების ჩამოყვანაზე, ექიმები თვითონ ამბობენ რომ თუ ჩამოვიყანთ უცხოელ მედიკოსებს, ცუდი არ იქნება...

- რა ინფორმაცია გაქვს, ნოშრევან ნამორაძემ მარტო სცემა დავით კოდუა?

- ყველა კარგად ხვდება, რომ დათო ერთი ადამიანის მიერ არ არის ნაცემი. არიან თვითმხილველებიც, მათ შორის პოლიციაშია საქმე აღძრული, რომ ერთი ადამიანის მიერ არ არის ნაცემი. ამასთან ნოშრევანმაც ხომ აღიარა ეს დანაშაული.

- ოჯახისთვის რამდენად მისაღებია ის კვალიფიკაცია, რაც მომხდარს მიეცა, საუბარია ხულიგნობის მუხლზე...

- რა თქმა უნდა არა და გეტყვით რატომაც, შეიარაღებული თავდასხმა სისხლის სამართალში აუცილებელი არ არის ავტომატით იყოს. მოწმე ამბობს, რომ ერთმა თავდამსხმელმა უთხრა, არ გაინძრე თორე ჩაგცხრილავთო. თან სამედიცინო დასკვნაში წერია რომ მარცხენა მხარზე აღენიშნება ელექტროშოკით მიყენებული ტრამვა.

ერთმა ადამიანმა თან გათიშა, თან ისე სცემა რომ რეანიმაციაშია?  გეკითხებით, როგორ არის ეს ხულიგნობა, ეს არის მძიმე დაზიანება მიყენებული განზრახ. მოტივაცია იყო შურისძიება. ეს არის სისხლის სამართლის საპროცედურო კოდექსი. თვითონვე ამბობს, რომ იყო ნაწყენი, რამდენჯერმე შეუთვალა, ვერ მოგვარდა პრობლემა და ადგა და მიიღო ეს გადაწყვეტილება.

- ნამორაძე დავით კოდუას ადრეც ემუქრებოდა?

- არავითარ მუქარას ადგილი ლი არ ჰქონია. ჩვენ ვიცოდით რომ მათ შორის დავა სამართლებრივად მიდიოდა. ნამორაძემ არაერთხელ შემოუთვალა დათოს,  მოდი გავარკვიოთ ეს თემაო. ყოველთვის დათოს პასუხი იყო, ეჩივლა სასამართლოში. 2012 წლიდან ნამორაძე დადის პოლიციაში, ეტყობა სამართლებრივად როცა ყველა რესურსი ამოიწურა, გააკეთა ის, რაც გააკეთა.

- ნამორაძის შურისძიება „ტიფლის დეველოპმენტს“ უკავშირდება?

- გამოძიებაში გოგა ზაქაიძემ წარადგინა ის მტკიცებულებები, რის მიხედვითაც დგინდებოდა, რომ ტიფლის დეველოპმენტის მოწილე დათო კოდუა არ არის. ნოშრევან ნამორაძე სარჩელში წერს, რომ გოგა ზაქაიძის უკან დგას დათო და დათოს უკან დგას ერეკლე.

თორემ იმას რომ მას ამ წილებთან დათოსთან საუბარი ჰქონდამ  არსად ლაპარაკობს. ზაქაიძის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში შავით თეთრზე წერია, რომ ნოშიკო ნამორაძის მეუღლემ წილი უძრავი ქონებით გაიტანა. მას გადაუფორმდა ბინები.

რაც შეეხება წილების „ახევას“ და მის დაკავებას, ის პოლიციელები, რომლებმაც ნამორაძე დააკავეს დღესაც მუშაობენ შს სამინისტროში და არერთხელ დაიკითხნენ. მისი დაკავების დროს იქ ერეკლე კოდუა არ იყო და ამას თვითონ ნოშრევანიც ამბობს.

და კიდევ,  ავტომობილის თემას, რაზეც ამდენი ხანი საუბრობდნენ... ეს ავტომობილი ამოიღეს როგორც საქმეში არსებულ მტკიცებულებად და გადაეცა სახელმწიფო წარმოებაში და დღემდე არის შს სამინისტროს ბალანსზე.

- „ბიგ-ბენთან“ მომხდარ ინციდენტზე გააკეთეთ განცხადება, რაცას ნამორაძის მეუღლემ უპასუხა, რომ ვაკეში მომხდარ დაჭრაზე მისი მეუღლე ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში გაამართლეს...

- ნამორაძის „ბეგრაუნდი“ ყველამ იცის, ვისაც ამ ქალაქში 90-იან წლებში უცხოვრია. დღეს კი ამბობს კურცხალია ჩემი ბიზნეს-პარტნიორი არ ყოფილაო, მაგრამ მიდით და გაიკითხეთ, რა მოხდა ბიგ-ბენთან. გამართლა არ გამართლა, გასაგებია. ინცინდენტი ხომ მოხდა. ხომ იყო ორმხრივი სროლა?“

„პრესა.ჯი“ კოდუას ჯანმრთლობის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკას დაუკავშირდა. საავადმყოფოს პიარ სამსახურის ხელმძღვანელმა ლელა ჩაგუნავამ „პრესა.ჯი“-ს უთხრა, რომ პაციენტს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მას შმდეგ გახდება ცნობილი, რაც მედიკოსები ხელახალ გამოკვლევას დაასრულებენ.

„გამოკვლევა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, დაველოდოთ მედიკოსთა პასუხს“, - გვითხრა მან.

რაც შეეხება პროკურატურას, "პრესა.ჯი" დაინტერესდა გაერკვია, დავით კოდუას ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ გადაკვალიფიცირდება თუ არა, ნამორაძისთვის წაყენებული ბრალი, დაიკითხება თუ არა, თვითმხილველი ძიძა და პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, თემურ დოლიძეს დაუკავშირდა.

თემურ დოლიძე: „ჯერ არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. საქმე არ მოუწოდებია თბილისის პროკურატურას, ჩემი დეპარტამენტისთვის. თუ იქნება სიახლე, დაგიკავშირდებით“.

P.S: ორმხრივი ბრალდებები კოდუა-ნამორაძის დაპირისპირებაზე ამ წუთებშიც აქტუალურია. ნოშრევანი, შურისძიების მოტივს თავის ვიდეო-აღიარებაში ხსნის.

სიმართლე გამოძიების გასარკვევია. თუმცა, შემაშფოთებელი ის ავადსახსენებელი ტრადიციების დაბრუნებაა, რომელიც ჯერ კიდევ სისხლიანი 90-იანებიდან გვახსოვს.

კიდევ უფრო მეტად დამაფიქრებელია იმ „აღტკინებული ბრბოს“ ცინიკური და სიხარულნარევი განცხადებები, რომელიც ნამორაძის საქციელს ამართლებს ფრაზებით: „აბა რა ეგონათ“, „ერთი დრო არავის შერჩება“, „უარესის ღირსები არიან კოდუები“, „უფრო მაგრად უნდა ეცემათ“, „ერეკლე და ლაურა  მეტსაც იმსახურებენ“...

შეიძლება დღეს ვიღაც გახარებულია იმით რომ დავით კოდუა რეანიმაციაში, „აპარატზეა“ მიერთებული, იქნებ სხვამ მის სასტიკ ცემაში თავისი ინტერესიც დაინახა, თუმცა, თუ „თბილისურმა ვენდეტამ“ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ხვალ შესაძლოა, სწორედ ისინი აღმოჩნდნენ მსგავს მდგომარეობაში, ვინც დღეს ნამორაძის სისასტიკეს ამართლებს.