სლავიანსკის ქუჩებში ომია, ოდესაში - არეულობა
19:01:05     02-05-2014
სლავიანსკის ქუჩებში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება. ამ ინფორმაციის გავრცელებისას ისინი რამდენიმე წყაროს ეყრდნობიან. მათ შორის, „ტვიტერის“ მიკრობლოგებზე გავრცელებულსაც, რომელსაც „კამსამოლსკაია პრავდა“-ს ადგილზე მყოფი რუსი კორესპონდენტები ავრცელებენ.
მათი ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ბრძოლები სლავიანსკის მისადგომებთან მიმდინარეობს და პარალელურად, სეპარატისტები ემზადებიან, რომ მოიგერიონ უკრაინის კანონიერი ხელისუფლების ძალოვნების იერიში ქალაქის ცენტრში.
შუა დღისით, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სლავიანსკის მოსახლეობის ნაწილმა ქალაქის მისადგომებთან „ცოცხალი ჯაჭვი“ გააკეთა და ამით, ოფიციალური კიევის ძალოვანი სტრუქტურების ჯავშანტექნიკა შეაჩერეს.
მოგვიანებით, სლავიანსკის თვითმარქვია, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ ქალაქის მერად გამოცხადებულმა „მერამ“, პონომარიოვმა, „ცოცხალ ჯაჭვში“ ჩაბმულ მოქალაქეებს დაშლისკენ და ქალაქის მცხოვრებლებს, სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. ბრძოლები ქალაქის მისადგომებთან ამის შემდეგ დაიწყო.
სლავიანსკის პარალელურად, სერიოზული პრობლემებია ოდესაშიც. „ვესტი.რუ“-ს ინფორმაციით, ქალაქში არეულობაა.
„ოდესაში სერიოზული შეტაკებებია. თვითმხილველთა თქმით, იყო სროლაც.დღეს, ქალაქში, ერთიანი უკრაინის მოთხოვნით, „მემარჯვენე სექტორის“ მომხრეთა მარში გაიმართა.
იმავდროულად, ქუჩებში გამოვიდნენ ოფიციალური კიევის მოწინააღმდეგეებიც. უცნობმა მამაკაცმა მომიტინგეთა მიმართულებით გაისროლა. პასუხად, ოფიციალური კიევის მოწინააღმდეგეებმა „მემარჯვენე სექტორის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისის დარბევა დაიწყეს. ამ მომენტისთვის ადგილობრივი მილიცია ვითარების ნორმალიზებას ცდილობს.