ანტიტერორისტული სპეცოპერაცია უკრაინაში
15:22:23     02-05-2014
მოვლენათა განვითარებასთან ერთად, უკრაინიდან სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება. დამოუკიდებელი რუსული მედია, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის დეტალებს აქვეყნებს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსრუ“-ს ინფორმაციით, „ატო“-ს ოპერაცია საგანგაშო საყვირებისა და ჰაერში აჭრილი საბრძოლო ვერტმფრენების ხმით დაიწყო. ამას სროლაც მოჰყვა. პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტმა მებრძოლებმა უკრაინის ოფიციალური ხელისუფლების შეიარაღებული ძალების ორი ვერტმფრენის ჩამოგდება მოახერხეს. თავის მხრივ, უკრაინელმა ძალოვნებმა ბლოკპოსტები და ზოგიერთი ინფორმაციით, ადგილობრივი ტელეცენტრი დაიკავეს. ამის შემდეგ, გარკვეული დროით სროლაც მინელდა და ვერტმფრენებიც გაქრნენ. თუმცა, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შეწყვეტის შესახებ ოფიციალურ კიევს არავითარი განცხადება არ გაუკეთებია.
„ნიუსრუ“-ს ინფორმაციით, შუადღისთვის, სლავიანსკისკენ ჯავშანმანქანები დაიძრნენ. პასუხად, შესასვლელთან, ქალაქის მცხოვრებთა ნაწილმა „ცოცხალი ფარი“ გააკეთა და მძიმე ტექნიკას გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
დაწყებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაქოვმა. მიუხედავად ამისა, ამ მომენტისთვის მსხვერპლის ოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
ოფიაციალური კიევის ინფორმაციით, დაღუპულია ორი ძალოვანი ხოლო სეპარატისტებმა ერთი მეომარი დაკარგეს.
„დილით, 4:30-ზე, სლავიანსკ-კრამატორსკის რაიონში ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა დაიწყო. მონაწილეობენ შს-ს, ეროვნული გვარდიისა და საჰაერო ძალების ნაწილები. ქალაქი ალყაშემორტყმულია“ - წერს ავაქოვი და იმისაც აღნიშნავს, რომ- „უკრაინული სპეცნაწილების წინააღმდეგ სეპარატისტების მებრძოლებმა საპასუხო ცეცხლი მძიმე შეიარაღების გამოყენებით გახსნეს. გარდაცვლილია მფრინავი და არიან დაჭრილები.
მიდის ნამდვილი ბრძოლა რომელშიც დაქირავებული პროფესიონალები მონაწილეობენ. ტერორისტები მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან იმალებიან და მშვიდობიან მოსახლეობას მსხვრეპლად სწირავენ - მრავალბინიანი კორპუსების ფანჯრებიდან ისვრიან რადგან იციან, რომ კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე სამხედროებს ხელისუფლებისგან ნაბრძანები აქვთ, არ გახსნან საპასუხო ცეცხლი თუ ეს ნშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი იქნება. “-ციტირებს უკრაინის კანონიერი ხელისუფლების შს-მინისტრის „ფეისბუქ-ჩანაწერს“ „სლავგოროდი“.
უკრაინის შს მინისტრი იმასაც აღნიშნავს, რომ პირადად იმყოფება კონტრტერორისტული ოპერაციის რაიონში. მასთან ერთად არიან თავდაცვის მინისტრიც და ეროვნული გვარდიის სარდალიც. ავაქოვის თქმით, დაწყებულ სპეცოპერაციას რამდენიმე მიზანი აქვს: სეპარატისტულად განწყობილი მებრძოლების მიერ მძევლად აყვანილთა და ადმინისტრაციული შენობების გათავისუფლება, აჯანყებულთა განიარაღება და საქალაქო ინფრასტრუქტურის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა.